LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანდემიამდელი ლარის კურსი დაივიწყეთ, ის უკვე წარსულია: რა ელოდება ლარს

238
lari 22

კორონავირუსის კრიზისის გამო ლარი ისტორიულ ანტიკრიზისულ ნიშნულს უახლოვდება.

1 ამერიკური დოლარი – 3.22 ლარი და  1 ევრო – 3.80 ლარი ღირს.

კორონავირუსი, პოლიტიკა და ეკონომიკა ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული.

. კრიზისის გაგრძელების შემთხვევაში ის პირველ რიგში ადამიანების ჯიბეზე აისახება.

რა თქმა უნდა, გარდაუვალია პროდუქტებზე ფასების ზრდა.

. გაიზრდება მოსახლეობის უკმაყოფილება.

უკმაყოფილო მოსახლეობის მართვა ძალიან მარტივია სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების მიერ და შეიძლება პოლიტიკური პროცესები სრულიად არაპროგნოზირებადი გახდეს. ცხელ 31 ოქტომბერს შეიძლება მოჰყვეს ძალიან ცივი და ხანგრძლივი ზამთარი.

რა ბერკეტი აქვს სახელმწიფოს და  როგორ უნდა გაუმკლავდეს ერთი შეხედვით გარდაუვალ კრიზისს?

 

„ფორტუნა“ ლარის გაუფასურების მთავარი მიზეზებზე ეკონომიკის ექსპერტს ვასილ რევიშვილს ესაუბრა. 

ლოკდაუნმა განსაკუთრებით დაარტყა ტურიზმს, ზაფხულის განმავლობაში არაფერი არ მუშაობდა. საქართველოში ტურიზმიდან შემოსავლები თითქმის 2 მილიარდამდე იყო ასული. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მარტო ამას უნდა ემოქმედა ლარის კურსზე უარყოფითად. გარდა ამისა, ექსპორტიც მნიშვნელოვნად შემცირდა.

როგორ უნდა მოხდეს ლარის დასტაბილურება. ქვეყანას აქვს რესურსი იმისთვის, რომ ლარის კურსი ძველ ნიშნულს დაუბრუნდეს?
სანამ ეკონომიკა ნორმალურად არ ამუშავდება, შეზღუდვები არ მოიხსნება და საზღვრები ჩაკეტილი იქნება, მანამდე უნდა ველოდოთ, რომ ლარი კვლავ გაუფასურდება.

კორონავირუსი შეიძლება 2022 წლამდე ვერ დავამარცხოთ. ანუ მანამდე ქვეყნის ეკონომიკა სულ უკან ხომ არ უნდა წავიდეს?

პანდემია შეიძლება იყოს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქვეყნები ჩაკეტილი უნდა იყოს. სულ უფრო ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ჩვენ უნდა შევეჩვიოთ პანდემიასთან ერთად ცხოვრებას. კორონავირუსი არსად წავა, სანამ ვაქცინას არ მოიგონებენ. რასაც შეიძლება ათწლეულები დასჭირდეს. ჩვენ თუ ასე ჩაკეტილები უნდა ვიყოთ, არც გავაკეთებ კომენტარს რა შეიძლება მოჰყვეს. ამ ვირუსთან ერთად ცხოვრება უნდა ვისწავლოთ და ფაქტია ეკონომიკისთვის დამანგრეველი იქნება, თუნდაც ერთვიანი ჩაკეტვა კიდევ თუ  მოხდა.

გველოდება არჩევნები, რა ფაქტორი იქნება ეს ლარისთვის. შესაძლოა, ერთი თვით ადრე მაინც ლარის კურსი გამყარდეს და ამით ბევრი ადამიანის გულის მოგება მოხდეს?

ერთადერთი იარაღი, რაც ამ შემთხვევაში სახელმწიფოს აქვს, არის ინტერვენციები. ანუ დოლარის გამოტანა ბაზარზე და აქ არსებობს ზედა ზღვარი. ეროვნულ ბანკის რესურს აქვს თავისი რეზერვი. ბუნებრივია, ეროვნული ბანკი ამ რეზერვებს ვერ დაცლის. შესაბამისად გარკვეული ინტერვენციები შეიძლება მოხდეს, მაგრამ არ მგონია, ძალიან ბევრი იყოს, რადგან ეს ფუჭად დახარჯული რეზერვი იქნება.

ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ არ არის სახელმწიფო ნება იმისთვის, რომ ლარი დასტაბილურდეს. დევალვაცია დაწყებული იყო პანდემიამდეც, მაგრამ ის, რაც ლარს ახლა დაემართა, ისტორიას არ ახსოვს. რეკორდულად დაეცა მისი კურსი. სახელმწიფოს ნება რომ იყოს, ეს ნიშნული იქნებოდა?

მიუხედავად  ხელისუფლების მიმართ ჩემი განწყობისა, მოდი ვიყოთ ობიექტურები. სახელმწიფოს ნებაზე ლარის კურსი არაა დამოკიდებული. ლარის კურსი დამოკიდებულია ეკონომიკურ მდგომარეობაზე. სახელმწიფომ უბრალოდ უნდა ეცადოს, რომ ის კვლავ არ ჩაიკეტოს. ამ შემთხვევაში სახელმწიფო ვეღაფერს გააკეთებს. ვერავის მოსთხოვს მას, რომ ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 1.5 გახდეს. ამ შემთხვევაში მე ვიტყოდი, რომ სახელმწიფოს დიდი ბერკეტები არ აქვს. ერთადერთი გზა არის ეკონომიკის გახსნა.
ქვეყანაში ტურიზმის ხარჯზე 2 მილიარდი დოლარი შემოდიოდა. რა თქმა უნდა, მისი აღდგენა დადებითად იმოქმედებს ქვეყნის ეკონომიკაზე. ქვეყანაში 2 მილიარდით მეტი იქნება, შესაბამისად, სიტუაცია გაცილებით უკეთესი იქნება, ვიდრე დღესაა.

დავუშვათ, რომ ხვალიდან გაიხსნა საზღვრები და აღდგა ფრენები. რა დრო დასჭირდება ლარს, რომ დასტაბილურდეს და დაუბრუნდეს იმ კურსს, რაც იყო პანდემიამდე?

ის კურსი რაც პანდემიამდე იყო, დაივიწყეთ, ის უკვე წარსულია. რა შეიძლება მოხდეს, თუ საზღვრები გაიხსნა? დოლარის შემოდინება გაგრძელდება და რაღაც ნიშნულამდე ლარის კურსი დასტაბილურდება. ლარის კურსის განმაპირობებელი არის ხოლმე ინფლაციებს შორის განსხვავება.  ჩვენნაირ განვითარებად ქვეყანაში ინფლაცია ყოველთვის მაღალია, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში. სტაბილური ეკონომიკის პირობებშიც კი ლარი რაღაც დონეზე უფასურდება. წელიწადში საშუალოდ სამი პროცენტით. ამიტომ ვამბობ, რომ ის ნიშნული, რომელიც წარსულში არის, წარსულში რჩება. მას ვეღარასდროს დავუბრუნდებით.

 

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი დღეს, სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის. წინა სავალუტო აუქციონი სებ-მა 16 სექტემბერს გამართა და 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. თუმცა, ამ ნაბიჯით ლარის კურსის გამყარება ვერ მოხერხდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები