LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანდემიამ თბილისელების 60%-ის ფინანსური მდგომარეობა გააუარესა

93
tbilisi-xalxi

წამყვანი კვლევითი-საკონსულტაციო კომპანია ACT-ის ცნობით,  Covid 19-ის პანდემიამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ადამიანების ცხოვრების სტილსა და ფინანსურ მდგომარეობაზე. კომპანიის მიერ, 2020 წლის ბოლოს, თბილისში, დეკემბერში ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხული რესპონდენტების 60%- აზრით, მათი ოჯახების ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა. რესპონდენტების 34% ფიქრობს, რომ მათი ფინანსური მდგომარეობა არ შეცვლილა, ხოლო 3%-სთვის გაუმჯობესდა.

„ხარჯების შემცირება შეინიშნება ყოველთვიური დანახარჯების  ჭრილშიც, პანდემიის პერიოდში, რესპონდენტების უმრავლესობა, ანუ 47% ახლა უფრო ნაკლებს ხარჯავს, ვიდრე პანდემიამდე. 30% ახლაც იმდენს ხარჯავს, როგორც პანდემიამდე, ხოლო გამოკითხულთა 23% – ახლა უფრო მეტს ხარჯავს, ვიდრე პანდემიამდე“, – აცხადებენ წამყვან კვლევით -საკონსულტაციო კომპანიაში.

მათივე ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ რესპონდენტების უმრავლესობა 34%, ახლა უფრო მეტს საკვებ და სასმელ პროდუქტებზე ხარჯავს. რესპონდენტების 27% უფრო მეტს საოჯახო მოხმარების (ქიმია, ჰიგიენა, თავის მოვლის საშუალებები) საქონელზე ხარჯავს, ხოლო რაც შეეხება ჯანდაცვის მიმართულებით, (ექიმი, ანალიზები, მედიკამენტები) გამოკითხული რესპონდენტების 27% ხარჯავს უფრო მეტს. ზრდის მიზეზად უმრავლესობა, ანუ 75% პროდუქტის გაძვირებას ასახელებს.

ყოველი მეორე თბილისელი ახლა უფრო ნაკლებს ხარჯავს ტრანსპორტზე (მგზავრობა, საწვავი).  რაც შეეხება მსხვილ შენაძენებს (ბინა, აგარაკი, ავეჯი, ავტომობილი, საოჯახო ტექნიკა), ათიდან ექვსი პოტენციური მყიდველი, თავს იკავებს მსხვილი შენაძენის გაკეთებისგან.

ცნობისთვის, ACT-ის გამოკითხვა ჩატარდა შემთხვევითი შერჩევის გზით, 403 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის, 2020 წლის 11-13 დეკემბერს. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება საშუალოდ არ აღემატება 4.9%-ს. გამოყენებული მეთოდი – სატელეფონო გამოკითხვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები