კირიბატი, ტუვალუ, ტონგა, პალაუ – ტურისტული კომპანიის შემოთავაზება არ გეგონოთ, არც ვირტუალურ მოგზაურობას გთავაზობთ, უბრალოდ, გეტყვით, რომ დედამიწაზე ჯერ კიდევ არსებობს კორონავირუსისგან თავისუფალი ქვეყნები და მათ შორის არის წყნარი ოკეანის ეს ოთხი პატარა სახელმწიფო.
მათგან ერთ-ერთი კი შესაძლოა სულ მალე გახდეს მსოფლიოში კოვიდ-19-სგან თავისუფალი ვაქცინირებული პირველი კუნძულოვანი სახელმწიფო.
პალაუმ, რომლის მოსახლეობაც, დაახლოებით, 18 000-ს შეადგენს და სადაც ამ დრომდე არ დაფიქსირებულა კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა, 2 იანვარს მიიღო “მოდერნას” ვაქცინის 2 800 დოზა, 3 იანვარს კი მოსახლეობის აცრა დაიწყო.
პალაუს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირველ ეტაპზე ვაქცინაცია ჩაუტარდებათ მედიცინის მუშაკებს, თანამდებობის პირებსა და რისკ-ჯგუფებს. აცრა 2-ჯერ, 28 დღის ინტერვალით განხორციელდება.
ოკლენდის უნივერსიტეტის წყნარი ოკეანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტმა კოლინ ტუკიტონგამ აღნიშნა, რომ პატარა კუნძულს, მცირე მოსახლეობით, აქვს უპირატესობა, აცრას მოსახლეობის თითქმის 80% და თავი დაიცვას ვირუსის შემდგომი გავრცელებისგან. ჯანდაცვის ექსპერტების მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ აცრა სავალდებულო არ არის, მასშტაბური ვაქცინაცია თავდაცვის საუკეთესო მექანიზმია.
იანვარში, როდესაც აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნების მასშტაბით კორონავირუსის გავრცელება დაიწყო, პალაუ იყო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც მკაცრი სასაზღვრო კონტროლი დააწესა. მარტში მისი საზღვრები სრულად იყო ჩაკეტილი, აპრილში კი მოქალაქეების მასობრივი ტესტირება დაიწყო.
პალაუს აქვს წვდომა შეერთებული შტატების კოვიდ-19-ის საყოველთაო ვაქცინაციის პროგრამაზე (Operation Warp Speed), რომელიც ხელს უწყობს და აჩქარებს ვაქცინაციის პროცესს, შესაბამისად, სწორედ ამ უპირატესობის გამო, სახელმწიფომ შეძლო პროგრამაში ჩართვა. კიდევ ერთი უპირატესობა მოსახლეობის რაოდენობაა, რომლის სიმცირის გამოც, ყველა შეძლებს ვაქცინის მიღებას.
იმის გამო, რომ კუნძულზე არ იყო ტექნიკური შესაძლებლობა, მოემარაგებინათ “ფაიზერის” ვაქცინა და ის გარკვეულ ტემპერატურაზე შეენახათ, არჩევანი “მოდერნას” სასრგებლოდ გაკეთდა. ხელისუფლების მიზანი იყო ვაქცინაცია 2021 წლის მაისამდე დასრულებულიყო, თუმცა, ეს პროცესი, სავარაუდოდ, გაგრძელდება, რადგან აშშ-დან ვაქცინით მომარაგებას უფრო მეტი დრო დასჭირდება.
ახლა პალაუმ უნდა დაამტკიცოს, შეძლებს თუ არა, საყოველთაო ვაქცინაციით გამოიმუშაოს იმუნიტეტი და არ აღმოჩნდეს მსოფლიო კოვიდრუკაზე.