გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სტიქიამ პრობლემები ქალაქის ცენტრალურ ნაწილშიც შექმნა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ამ დროისთვის ოზურგეთის მთავარი გამზირი – აღმაშენებლის ქუჩა სრულად გადაკეტილია, სამანქანო მიმოსვლა კი დილიდან აიკრძალა. მიმდინარეობს გზის გაწმენდითი, შესაბამისი სამუშაოები.
„სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია ყველა შესაბამისი სამსახური, გურიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები და „ენერგო პრო ჯორჯიას“ თანამშრომლები“. –წერს ავთანდილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში.
„საგანგებო რეჟიმში ვმუშაობთ - ყველაფერს ვაკეთებთ მოსახლეობის დასახმარებლად“ – ავთანდილ თალაკვაძე ოზურგეთში არსებულ მდგომარეობაზე
როგორც „ფორტუნას“ ადგილობრივებმა უთხრეს, ოზურგეთში ამ დროისთვის ისევ წვიმს. მოსახლეობა გარეთ გასვლას ერიდება:
„გუშინ, მთელი ღამე, კოკისპირულად წვიმდა. ქალაქის ცენტრში დაიტბორა ცენტრალური ქუჩა, აღმაშენებლის ქუჩაზე წყალი მდინარესავით მოდის.
ამ დროისთვის გზები გადაკეტილია, გადასაადგილებლად არავის უშვებენ. ახლაც ისევ წვიმს, იმდენი რამ მოხდა ბოლო დროს, ყველას, ყველაფრის ეშინია… იმედია, წვიმა მალე გადაიღებს“. – უთხრეს „ფორტუნას“ ადგილობრივებმა.
„მოვუწოდებთ გურიის რეგიონში მყოფ მოსახლეობას, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან“ – შსს
შეგახსენებთ, რომ გურიაში სტიქიამ ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში პრობლემები შექმნა. სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზის მე-40 და 56-ე კმ-ებზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
გურიის გუბერნატორის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ეტაპზე სამაშველო სამუშაოებში ვერტმფრენის ჩართვის აუცილებლობა არ დგას.