LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოთარ შამუგიამ კონფერენცია „ევროკავშირი და საქართველო ერთად სოფლის მდგრადი განვითარებისთვის“ გახსნა

112
ოთო

საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯია“, კონფერენცია „ევროკავშირი და საქართველო ერთად სოფლის მდგრადი განვითარებისთვის“ გაიმართა

ღონისძიება, რომელიც საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, ევროკავშირის დაფინანსებითა და გაეროს განვითარების პროგრამასთან თანამშრომლობით (UNDP) ჩატარდა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა გახსნა.

ოთარ შამუგიამ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება ქვეყანაში აგროსასურსათო პროდუქციის წარმოებისა და ექსპორტის გაზრდილ მაჩვენებლებზე, მსოფლიო ბაზარზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით გატარებულ ღონისძიებებზე, ასევე, ევროკავშირის მხარდაჭერით ფერმერების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებულ პროგრამებზე გაამახვილა.

„სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარება საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით, ევროკავშირის ძლიერი მხარდაჭერით, უკვე წლებია არაერთ მნიშვნელოვან პროგრამას და ინსტიტუციურ რეფორმას ვახორციელებთ. აღნიშნული მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როდესაც ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით დადებითი რეკომენდაცია გასცა და ველოდებით ისტორიულ გადაწყვეტილებას ევროსაბჭოს მხრიდან. ამ გზაზე მნიშვნელოვანია, ევროკავშირთან ერთად დავგეგმოთ ახალი პროგრამები და განვსაზღვროთ სამომავლო პრიორიტეტები, რაც კიდევ უფრო თავსებადი იქნება ევროკავშირის სოფლის მეურნეობის პოლიტიკასთან“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

კონფერენციაზე ქართველი და ევროპელი ოფიციალური პირების, სოფლის განვითარების სპეციალისტებისა და ექსპერტების მონაწილეობით პანელური დისკუსიები გაიმართა. საუბარი შეეხო სოფლის მდგრადი განვითარების პოლიტიკის შემუშავებასა და დანერგვას საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების ჭრილში.