LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოსკარზე“ საქართველოს კანდიდატი ფილმი 30 აგვისტოს გამოვლინდება

102

პრესტიჟულ ამერიკულ კინოპრემიაზე, „ოსკარზე“ საქართველოს კანდიდატი ფილმი 30 აგვისტოს კინოსახლის განახლებულ დარბაზში გამოვლინდება. სპეციალური კომისია 4 ფილმის ნახვის შემდეგ დახურული კენჭისყრის შედეგად შეარჩევს „ოსკარის“ საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის ნამუშევარს.

შეგახსენებთ, 2 აგვისტოს ეროვნულმა კინოცენტრმა განაცხადების მიღება დაიწყო, რომელიც 11 აგვისტოს დასრულდა. ამერიკის კინოაკადემიის მოთხოვნების გათვალისწინებით, სულ შევიდა 4 განაცხადი. შესაბამისად, „ოსკარზე“ საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად წელს შემდეგი 4 ქართული ფილმი იბრძოლებს:

„ჩემი ბედნიერი ოჯახი” (რეჟისორები: ნანა ექვთიმიშვილი და სიმონ გროსი)

„მძევლები” (რეჟისორი: რეზო გიგინეიშვილი)

„საშიში დედა” (რეჟისორი: ანა ურუშაძე)

„ლუკა” (რეჟისორი: გიორგი ბარაბაძე)

ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის გამოსავლენად ეროვნულმა კინოცენტრმა სპეციალური კომისია შექმნა, რომელიც კინოსექტორის წევრებით არის დაკომპლექტებული, მათ შორის არიან ლანა ღოღობერიძე, კოტე ჯანდიერი, ია სუხიტაშვილი, ოთარ შამათავა, არჩილ ახვლედიანი, გიორგი ოვაშცილი, ქეთი ტრაპაიძე, კომისიაში ასევე შედიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე კახი კანდელაკი და ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ზურაბ მაღალაშვილი.

ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების 90-ე საიუბილეო ცერემონია, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვან კინომოვლენაა, 2018 წლის 4 მარტს ლოს ანჯელესში, „დოლბის“ კინოთეატრში გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები