მცოცავი ოკუპაცია გრძელდება. რუსეთის საჯარისო დანაყოფმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვარი გუშინ კიდევ 500 მეტრით გადმოსწიეს და სოფელ ბერშუეთისა და სობისის მცხოვრებლების ნაკვეთში საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები ჩადგეს.
რუსული საჯარისო დანაყოფის წარმომადგენლები დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე. წ. საზღვრის მიმდებარედ საფორთიფიკაციო სამუშაოებს პერიოდულად ააქტიურებენ . ამჯერად რუსმა სამხედროებმა ქართული სოფლების განაპირას
ადგილობრივი მოსახლეობის კუთვნილი მიწის ნაკვეთებში ჩადგეს ბანერი და მოსახლეობა შესაძლოა, მოსავლის გარეშე დარჩეს.
ადგილობრივი მაცხოვრებლები – ჩილინდრიშვილები და ხოდელები რამდენიმე ჰექტარ სახნავ-სათეს ფართობზე ვეღარ შედიან. გასულ წელს, როდესაც ხოდელების ოჯახი მარცვლეულს თესავდა, ე.წ. მესაზღვრეებმა ოჯახის ორი წევრი დააკავეს და აღნიშნულ ფართობზე მუშაობა აუკრძალეს. მოგვიანებით კი, იმავე ადგილას ხის ბოძები დაამონტაჟეს და ჩილინდრიშვილების ოჯახს უკვე მოყვანილი ქერის მოსავლის აღების საშუალება არ მისცეს.
2008 წლის შემდეგ საქართველომ კონტროლი 151 დასახლებულ პუნქტზე დაკარგა. მას შემდეგ ე.წ. საზღვრის გადმოწევის და საოკუპაციო ზოლიდან ადამიანების გატაცების არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა. საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვრის გადმოწევას რკინის კონსტრუქციით, ბანერების ჩადგმით და მავთულხლართებით ცდილობს. ინციდენტები, როგორც წესი, ჟენევის მოლაპარაკებებს ან გალის და ერგნეთის სამმხრივ შეხვედრებს უსწრებს წინ. ამჯერადაც, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოში აცხადებენ, სოფელ ბერშუეთის შემთხვევა ერგნეთში 11 ივლისს ინციდენტებისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრაზე განიხილება.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილიც ადასტურებს , რომ მსგავსი ინციდენტები იმდენად ხშირად ხდება, თითქმის ყველა საერთაშორისო შეხვედრის დღის წესრიგში მოსახლეობის სამეურნეო მიწებზე წვდომის საკითხი დგას.
მინისტრი არ აკონკრეტებს, 2008 წლის შემდეგ დამატებით რა მანძილზე შემოიწია საოკუპაციო ხაზმა და ამბობს, რომ ნებისმიერი შემთხვევა, თუნდაც საქმე ერთი მაცხოვრებლის ტერიტორიას ეხებოდეს, სახელმწიფოსთვის თანაბრად მნიშვნელოვანია.
რა მექანიზმები გააჩნია სახელმწიფოს საკუთარი მოქალაქეების დასაცავად და მცოცავი ოკუპაციის შესაჩერებლად, ამაზე ციხელაშვილი აცხადებს, რომ ოკუპაციის პირობებში საქართველოს ერთადერთი მექანიზმი საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებაა და სხვა პირდაპირი ძალა, აღუდგეს მცოცავ ოკუპაციას, არ გააჩნია.
„ჩვენ ყველა მექანიზმს გავააქტიურებთ, რომ ადგილობრივ მოსახლეობას დავეხმაროთ. ამჯერადაც გააქტიურდება ცხელი ხაზი. გარდა ამისა, გვაქვს ყოველდღიური კონტაქტი ჟენევის თანათავმჯდომარეებთან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერის მობილიზება,“ – აცხადებს ციხელაშვილი.
პოსტფაქტუმ საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებაზე და მხოლოდ დიალოგის რეჟიმზე დაყრდნობა არასაკმარისად მიაჩნია ექსპერტ თორნიკე შარაშენიძეს. საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი რუსეთთან დიალოგის რეჟიმის პარალელურად, სპეცსამსახურების გააქტიურებას მიიჩნევს აუცილებლად.
„ძლიერ და საშიშ ოკუპანტთან დიალოგი მნიშვნელოვანია და იზოლაცია საქართველოსთვის გაცილებით ცუდი შედეგის მომტანი იქნება. ამიტომ ამ მხრივ ხელისუფლების პოზიცია სწორია. თუმცა, შეცდომაა საოკუპაციო ხაზთან ოკუპანტებისთვის კომფორტის შექმნა. წინა მთავრობას რადიკალურად არასწორი პოზიცია ჰქონდა, რუსეთის ლანძღვა და დიალოგის შეწყვეტა რამაც თავისი მძიმე, უარყოფითი შედეგები მოიტანა, მაგრამ იმავე პერიოდში საქართველოს მოქალაქეების მკვლელობა და შეურაცხყოფა არავის შერჩებოდა და ეს ძალიან კარგად იცოდნენ. იცოდნენ, რომ სპეცსამსახურები ადეკვატურ პასუხს გასცემდნენ და თავის ადგილს მიუჩენდნენ ყველას. დღეს ოსებიც, აფხაზებიც, რუსებიც გათამამებული არიან და არაფრის არ ეშინიათ. მოქნილ დიპლომატიასთან ერთად ძლიერი სპეცსამსახურები უცილებელია,“ – აცხადებს შარაშენიძე .
საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირების, ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გარკვევისა და ოფიციალური განცხადებების პარალელურად, საოკუპაციო ზოლში მცხოვრები რიგითი ადამიანები კვლავ საკუთარი, ყოფითი პრობლემების წინაშე რჩებიან. გია ხოდელმა, წინა წლების მსგავსად, შესაძლოა, წელსაც ვერ შეძლოს უკვე დათესილი ქერის მოსავლის აღება და მთელი წელი საარსებო საშუალების გარეშე დარჩეს.
თამუნა გოგუაძე