ხაბგრძლივი პაუხის შემდეგ, 12 ოქტომბრიდან ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდება. ბაღებისთვის სავალდებულო პროტოკოლზე და დაწესებულებების გადამზადების საკითხებზე ინფორმაცია “ფორტუნას” თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ მიაწოდა.
ბაღში მიღების და გაყვანის წესი:
„მშობელს როცა ბავშვი მოჰყავს ბაღში, ეზოში ხვდება მარკირებები ან სტიკერები, სადაც განსაზღვრულია, თუ სად უნდა დადგეს ბავშვთან ერთად. ამ სტიკერზე ასაკობრივი ჯგუფია მინიშნებული: 2-დან 3 წლამდე, 3-დან 4 წლამდე, 4-დან 5 წლამდე, 5-დან 6 წლამდე. ამის შემდეგ შენობიდან გამოდის აღმზრდელი, ეკიპირებული პირბადით, ხალათითა და ხელთათმანით. ბავშვს თერმოსკრინინგი უტარდება. შემდეგ, აღმზრდელს ბავშვი შეჰყავს შენობაში, სადაც საბავშვო ოთახში მას დახვდება აღმზრდელის თანაშემწე და იტოვებს ბავშვს. უკვე არსებობს ე.წ. ჩეკლისტები, ანუ სია, რომლის მიხედვითაც ყველა მშობელმა უნდა იცოდეს, რომელ საათზე უნდა მოიყვანოს ბავშვი ბაღში. ანალოგიურია გაყვანის წესი: წინასწარ განსაზღვრულია დრო, ამა თუ იმ ჯგუფში მყოფი ბავშვის მშობელმა როდის უნდა გაიყვანოს ბავშვი ბაღიდან. თუ განსაკუთრებული შემთხვევა იქნება და მშობელს ბავშვის ადრე გაყვანა დასჭირდება, 10 წუთით ადრე უნდა მიმართოს აღმზრდელს.”
თუ ბავშვს მომატებული ტემპერატურა დაუფიქსირდება:
„თუ ბავშვს ბაღში მიღების დროს გამოუვლინდა ტემპერატურა, მშობელს ეცნობება, რომ გაიყვანოს ბავშვი და მიმართოს “112”-ს. თუ დღის განმავლობაში გამოუვლინდა ტემპერატურა, ბავშვი აღმზრდელს გადაჰყავს ე.წ. დაყოვნების, ანუ საიზოლაციო ოთახში, ექთანთან, რომელიც ეკიპირებულია. მივმართავთ მშობელს, რომ გონივრულ ვადაში გაიყვანოს ბავშვი და მიმართოს “112”-ს. თუ მშობელი ძალიან დააგვიანებს, ჩვენ მივმართავთ “112-ს.“
დეზინფექციასა და განიავება:
„განიავების ინტერვალი შეიცვალა და ყოველ 2 საათში განიავდება ოთახები. დეზინფექციაც გახშირდება. რთულად რეცხვადი და დეზინფექცირებადი სათამაშოები ამოვიღეთ და აღარ გამოვიყენებთ. ბავშვებისთვის გვაქვს ინდივიდური ჩანთები, სადაც განთავსებულია სხვადასხვა საკანცელარიო ნივთი, რომელიც გამოიყენება ჩვენს მეთოდოლოგიაში. თითოეულ ჩანთას ბავშვის სურათი აქვს, რათა ბავშვმა ადვილად მიაგნოს თავის ჩანთას.
თეთრეულის შემთხვევაშიც შეიცვალა წესი, როცა ბაღებს კვირაში ერთხელ მოეთხოვებოდათ თეთრეულის გარეცხვა, ახლა კვირაში 2-ჯერ მოეთხოვებათ.“
აღნიშნულ საკითხებზე დღეს სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა თბილისის ბაგა-ბარების სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვენცელაძემ და მიმართა მშობლებს, გაითვალისწინონ ყველა პირობა, იყვნენ მეტად ორგანიზებულები, რომ პროცესი იყოს მეტად მართვადი.