LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორშაბათიდან ქვეყნის ათობით ათასი მოქალაქე კრიმინალად ცხადდება – “გირჩი” მთავრობას მიმართავს

439
shutterstock_598027652

პოლიტიკური მოძრაობა „გირჩი“ იმ კანონს აპროტესტებს, რომელიც ორშაბათიდან შედის ძალაში და რომლის მიხედვითაც, ავტომობილის ფსიქოაქტიური ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ მართვა კრიმინალი ხდება.

ტესტი, რომელიც შსს-მ ჩამოიტანა, უკანასკნელი 8 საათის განმავლობაში კანაფის მოხმარებას ნერწყვის მეშვეობით ადგენს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ სახელმწიფო ამ კანონით მოქალაქეების მიმართ არაადამიანურ დამოკიდებულებას ავლენს.

ამასთან, გირჩი 2018 წლის კვლევის შედეგებს აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ კანადაში რეკრეაციული კანაფის სრულ ლეგალიზაციას ავტოსაგზაო შემთხვევებზე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოჰყოლია.

„ორშაბათიდან ძალაში შედის სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლი, რომელიც ადგენს, რომ “ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან სხვა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მართვა – ისჯება ჯარიმით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე”.

ამავე დროს, ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩამოიტანა სპეციალური ტესტები, რომლებიც ადგენს ადამიანის ნერწყვში ამა თუ იმ ნარკოტიკული ნივთიერების არსებობას, და რომ ეს ტესტი ადგენს ადამიანს მოხმარებული აქვს თუ არა კანაფი უკანასკნელი 8 საათის განმავლობაში.

ეს ნიშნავს, რომ ორშაბათიდან ამ ქვეყნის ათობით ათასი მოქალაქე, რომლებიც, სხვადასხვა რეგულარობით, მოიხმარენ კანაფს ღამის საათებში (ეს ქმედება უკვე რამდენიმე თვეა ლეგალურია ამ ქვეყანაში) და დილით საკუთარი ავტომობილით მიემართებიან სამსახურისკენ, სახელმწიფოს მიერ ცხადდება კრიმინალად და თითოეულ მათგანს ემუქრება 1 წლიანი საპატიმრო სასჯელი.

ციხე!

ეს საფრთხე გვემუქრება ჩვენც, გირჩის წევრებს.

და ჩვენი აზრით სახელმწიფოს ეს დამოკიდებულება ჩვენნაირი ადამიანებისადმი არის გაუაზრებელი, არაადამიანური, ამორალური, არამეცნიერული და ძალიან საშიში.

2018 წლის ოქტომბრიდან კანადაში მოხდა რეკრეაციული კანაფის სრული ლეგალიზაცია. თუმცა, მანამდე კანადელი მკვლევარების ჯგუფმა კანადის სენატისთვის მოამზადა სპეციალური კვლევა (https://shawglobalnews.files.wordpress.com/…/lake-et-al-can…), რომელიც აშშ-ს შტატების მაგალითზე, სადაც კანაფის ლეგალიზაცია მოხდა რამდენიმე წლით ადრე, შეისწავლის ლეგალიზაციის ეფექტებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით, მათ შორის ლეგალიზაციის გავლენას ავტოსაგზაო შემთხვევათა რიცხვზე.

ამ კვლევის თანახმად:

ა) კანაფის ლეგალიზაცია არ ახდენს რაიმე სერიოზული მნიშვნელობის გავლენას ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვზე

ბ) ალკოჰოლისგან განსხვავებით, კანაფის მოხმარების შემთხვევაში არ დგინდება ცალსახა კავშირი ორგანიზმში ტეტრაჰიდროკანაბინოლის დონესა და ავტოტრანსპორტის მართვის უნარის გაუარესებას შორის

გ) აშშ-ს გამოცდილებამ აჩვენა, რომ კანაფის ლეგალიზაციის შემდეგ იკლო ალკოჰოლით გამოწვეულმა საგზაო ინციდენტებმა, რომლებიც ადამიანის გარდაცვალებით დასრულდა

დ) უნდა ველოდოთ, რომ რეკრეაციული კანაფით ალკოჰოლის ჩანაცვლება შეამცირებს ალკოჰოლური თრობის ქვეშ ავტოტრანსპორტის მართვის სიხშირეს, რაც მისასალმებელია

ე) ავტოტრანსპორტის მართვა ნებისმიერი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ შეიცავს რისკებს, თუმცა რისკები გაცილებით მაღალია ალკოჰოლური თრობის დროს, ვიდრე კანაფის მოხმარების შემთხვევაში

მსგავსი შინაარსის კვლევები, თითქმის იდენტური შედეგებით კიდევ არსებობს.

აღნიშნულისა და ელემენტარული საღი აზრის გათვალისწინებით:

  1. მოვუწოდებთ შსს-ს, არ მოახდინოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილის აღსრულება კანაფთან მიმართებაში
  2. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, უმოკლეს ვადაში შეცვალოს კანონმდებლობა, ავტოსატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მართვასთან დაკავშირებით, კანაფთან მიმართებაში, და გამოიყენოს ალკოჰოლთან მიმართებაში არსებულის იდენტური მიდგომები

წინააღმდეგ შემთხვევაში, წინასწარ ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ არც საკუთარი ცხოვრების წესის შეცვლას, არც ხელოვნურად კრიმინალებად ქცევას, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კანონის ამ მუხლმა ვერ იმუშაოს, აზრი დაკარგოს და არც ერთი ადამიანი არ მოხვდეს ციხეში იმის გამო, რომ ღამით, მეგობრებთან ერთად კანაფი მოიხმარა,“ – ნათქვამია მიმართვაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები