მარჯვენასაჭიანი და ორკარიანი ტაქსის მანქანებით მომსახურების სერვისი აიკრძალება. ამის შესახებ მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
როგორც bpn.ge წერს, მუმლაძის თქმით, 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან ტაქსების რეგულირების მეორე ეტაპი დაიწყება და საჭისა და კარების გარდა, ყურადღება ტაქსის ფერსაც მიექცევა. კერძოდ, როგორც მუმლაძემ აღნიშნა, შემუშავდება ერთი ფერი და ქალაქში, მხოლოდ ამ ფერის ტაქსები იმოძრავებენ. მუმლაძის განცხადებით, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბრის პერიოდში უკვე გახდება ცნობილი თუ რა ფერზე გაკეთდება აქცენტი.
რაც შეეხება მარჯვენასაჭიან და ორკარიან ავტომობილებს, მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მამუკა მუმლაძის განცხადებით, ასეთი ავტომობილებით ტაქსის მომსახურების გაწევა 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან აიკრძალება.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 1-ელი ოქტომბრიდან სავალდებულო გახდება ტაქსების რეგისტრაცია და სპეციალური 1-წლიანი ნებართვის აღება შიდაწვისძრავიანი მანქანებისთვის 100 ლარი, „ჰიბრიდებისთვის“ 50 ლარი ეღირება, ელექტრომობილებისთვის კი უფასო იქნება. ნებართვის უქონლობის შემთხვევაში კი ტაქსის მძღოლი 200 ლარით დაჯარიმდება.
ამასთან, ტაქსის ნებართვის მფლობელი მუშაობისას ვალდებული იქნება, რომ დოკუმენტი სალონში გამოაკრას და ტაქსზე შესაბამისი ნიშანი განათავსოს.