LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ორი სიტყვა შეთქმულების თეორიაზე იმის თაობაზე, რომ სალომეს ნაბიჯები ბიძინასთან არის შეთანხმებული..“ – გია ხუხაშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება

1330
fot (1)

ექსპერტი გია ხუხაშვილი საკუთარ ფეისბუკგვერდზე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის „ევროპაში გაშვება-არგაშვების“ საკითხი ბიძინა ივანიშვილის მიერ დადგმული სპექტაკლია.

„ჩემთვის დღესავით ნათელია, რომ მთელი ეს წარმოდგენები არის ოლიგარქის დადგმული სპექტაკლი და მეტი არაფერი“ – მიხეილ სააკაშვილი

„ორი სიტყვა შეთქმულების თეორიაზე იმის თაობაზე, რომ სალომეს ნაბიჯები ბიძინასთან არის შეთანხმებული.

დავუშვათ ასეა…

თუ ამ საკითხს შევხედავთ არა პოლიტიკური დაპირისპირების, არამედ სახელმწიფო ინტერესების პრიზმაში და თუ ამ თამაშის შედეგი მიუხედავად ქართული ოცნების საბოტაჟისა, იქნება ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭება, არ მესმის, რა არის ამაში ცუდი?!

ჩვენ შეიძლება გვქონდეს ბიძინას მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება. დამერწმუნეთ, მე ამის ყველა თქვენთაგანზე ბევრად მეტი მიზეზი მაქვს. მაგრამ, თუ მის თუნდაც ამ მეთოდებით ქმედებებს საქართველოს გრძელვადიანი ინტერესებისთვის რაიმე კარგის მოტანა კიდევ შეუძლია, ამას მხოლოდ მივესალმები.

ჩვენ ყველამ უნდა ვისწავლოთ საკუთარ პოლიტიკურ შეხედულებებზე და ემოციებზე მაღლა სახელმწიფო ინტერესის დაყენება.

P.S. სხვა საკითხია, რომ მე პირადად არ მჯერა ამ შეთქმულების თეორიის..“ – წერს გია ხუხაშვილი.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყება მიუხედავად იმისა, რომ მის აღსრულებას პარლამენტში ოპოზიციის მხარდაჭერაც სჭირდება.

პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის აღძვრის უფლება პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს – 50 დეპუტატი გააჩნია, მის თანამდებობიდან გადაყენებას კი 100 ხმა სჭირდება

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი მმართველი პარტიის მიერ საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას ქვეყნის ევროინტეგრაციის ხელშემშლელად მიიჩნევს.

იხილეთ ვრცლად:

„ირაკლი კობახიძის განცხადება პოლიტიკური ვირეშმაკობაა..“, „ცდილობენ, რუსეთში მათ პატრონებს დაუმტკიცონ ლოიალობა“ – როგორ ეხმაურებიან სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას