LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ორი შვილი რითი ვარჩინო… ვყიდით ყველაფერს… ვეძებ, რომ კურიერად დავიწყო მუშაობა” – მცირე ბიზნესი კოტრდება

485
FORTUNA.GE (13)

კორონაპანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი მხოლოდ საქართველოს რომ არ ეხება, ამას ყველა ვხედავთ და ვიცით, თუმცა ისიც უნდა გვახსოვდეს, ჩვენი ეკონომიკა სადაა და ევროპის – სად. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი ჩვენნაირი ქვეყნისთვის ჭკვიანი ხელისუფლება, რომ მსგავს სიტუაციაში ოპტიმალური გამოსავალი მოძებნოს. ოცნებას კაცი არ მოუკლავს და სადაა ჭკვიანური გამოსავალი?!

ხშირად გვითითებენ და გვეუბნებიან, რომ ევროპამაც სხვა გზა ვერ ნახა და “ლოკდაუნი” გამოაცხადაო. იმას კი არავინ გვეუბნება, რომ:

ევროპის მაგალითი წინ გვქონდა და შეგვეძლო კორონავირუსის მეორე ტალღისთვის უკეთ მომზადებულიყო ქვეყანა;

“ლოკდაუნის” გამოცხადებამდე ევროპის ქვეყნებმა ისეთი ეკონომიკური გეგმა შეიმუშავეს, რომ საკუთარი მოქალაქეები შიმშილით არ დაეხოცოთ. ვერც დასავლეთში იცხოვრებს ხალხი ძველებურად, რადგან 1000 და 1500 ევროს დახმარება აღარ ეყოფათ, მაგრამ ერთმანეთისგან უნდა გავარჩიოთ ორი რამ:

ძველებურად ვეღარ ცხოვრება სხვა არის და თვითგადარჩენისთვის ბრძოლა კიდევ სულ სხვა. ამიტომაა ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარება, რომლებიც გაკოტრების პირას არიან, ბანკებში ჩადებული სახლების დაკარგვის შიშით ცხოვრობენ და ხელისუფლებამ მათთან შეხვედრისთვისაც კი ვერ მოიცალა.

ადამიანებს თავად უნდა გადაეწყვიტათ, იმუშავებდნენ თუ შიმშილს აირჩევდნენ: რაზე საუბრობენ დაზარალებული ბიზნესის წარმომადგენლები

 

დღეს რადიო “ფორტუნა” ორ ბიზნესისტორიას გაგაცნობთ, რომლებიც მძიმე მოსასმენი და წასაკითხია, მაგრამ ეს ის რეალობაა, სადაც “ლოკდაუნის” შემდეგ გავიღვიძეთ.

საბავშვო გვასართობი ცენტრი “მინიონები” 7 წელია ბაზარზეა. ასეულობით დასაქმებული ჰყავს და ყოველთვე ბიუჯეტში გადასახადების სახით 30 ათას ლარამდე შეაქვს. დღეს ის გაკოტრების პირასაა.

“მინიონების” დამფუძნებელი მეგი მექერიშვილი გვიყვება, რომ მისი ამბით მხოლოდ ჟურნალისტები ინტერესდებიან და მთავრობიდან მათ არავინ ელაპარაკება.

“ვითომ შედგა 6-თვიანი სუბსიდირების გეგმა, სადაც ჩვენნაირი ბიზნესის 90% ვერ მოხვდა. ისეთი დადგენილებებია, არაფერი გვეხება. არავინ ინტერესდება. ისეთ მდგომარეობაში ვართ, გასაყიდიც აღარაფერი გვაქვს.

არც იმ შეხვედრებზე ვყოფილვართ, რომელსაც პრემიერი მართავდა. მიმართული გვაქვს თბილისის მერიასთან, ბიზნესომბუდსმენთან, კანცელარიასთან, ეკონომიკის სამინისტროსთან, თითქოს არც ვარსებობთ. პასუხსაც არ გვიბრუნებენ. პირველი “ლოკდაუნის” დროს დიდი ჩარევის შედეგად გადაგვივადეს სესხი.

“მინიონები” პატარა კომპანია არ ყოფილა. 7 წლის განმავლობაში ყველანაირ გადასახადს ვიხდიდით, დღგ-ს , საშემოსავლოს, საპენსიოს – ის 2% არ ჩამოგვიჭრია ჩვენი თანამშრომლებისთვის. 7 წუთი ვერ დაგვითმეს, თითქოს არ ვარსებობთ. ასობით ადამიანი გვყავდა დასაქმებული. ყოველთვე 30 ათას ლარამდე ვრიცხავთ გადასახადების სახით. 7 წუთი ვერ მოიცალეს.

ჩვენი თანამშრომლების უმრავლესობა კურიერად, ტაქსის კომპანიაში… ასეთ ადგილებში გადანაწილდნენ. მე თავად ვეძებ სამსახურს, კურიერად მინდა დავიწყო მუშაობა, შევსებული მაქვს რეზიუმე, ორი შვილი მყავს, როგორ შევინახო.

გასაყიდიც აღარაფერი გვაქვს, ინვენტარებს, პუფებს, ფორმებს, სკამებს, მაგიდებს – ყველაფერს ვყიდით. 5 ლარად ვყიდით, რომ ელემენტარული საჭმელი, პური ვიყიდოთ.

არ ვიცი მე და ჩემი ოჯახი ამ ყველაფერს როგორ გადავიტანთ. ფსიქოლოგიურად ვარ უკვე ცუდად. ერთადერთი ის ვიცი, რომ ამ ქვეყანაში არ ღირს ცხოვრება. აქ ვერაფერს ააშენებენ, აქედან უნდა წახვიდე. აქ არ გაფასებენ, მარტო საკუთარ ჯიბეზე ფიქრობენ. ყველგან შერჩევითი სამართალია.

თვეში 9000 ევროს ვიხდით ბანკში. ჩადებულია პირადი ქონება. ფაქტობრივად, ქუჩაში ვრჩებით. ეს ჩვენი ხელებით შექმნილი ბიზნესია. ოთხმა დედმამიშვილმა შევქმენით სესხებით. შევეწირები, არ დავთმობ საკუთარ სახლ-კარს.

შენობა, რისთვისაც სესხი ავიღეთ, გავარემონტეთ, ის ფაქტობრივად ბანკმა წაიღო. რისთვისაც ვალი ავიღეთ, ის შენობა აღარ გვაქვს.

მივმართავ საქართველოს მთავრობას, უბრალოდ მოგვისმინეთ, დაგვეხმარეთ, ჩვენეულ გეგმას გაეცანით, იქნებ ეს თქვენთვისაც მისაღები იყოს. ბევრნი არ ვართ, შეგვხვდით, რომ იქნებ ჩვენ გადავრჩეთ”, – ამბობს მეგი მექერიშვილი. 

 

1 წელიწადი და 2 „ლოკდაუნი“: როგორ გადავარჩენთ საქართველოს ეკონომიკას

 

კიდევ ერთი ასეთი მცირე ბიზნესი საბავშვო ტანსაცმლისა და აქსესუარების მაღაზია “ოლალაა”, რომელიც ოჯახური ბიზნესია, 12 წელია ბაზარზე არიან, ამ ხნის განმავლობაში არაერთ პრობლემას და გამოწვევას გაუძლეს, ახლა კი დახურვის პირას არიან.

სალომე მუჯირი, “ოლალას” დამფუძნებელი:

“ჩვენ არასდროს ვითხოვთ შეღავათებს, სუბსიდირებას, არც არავის ვაწუხებთ. მე არავის ვაცოდებ თავს, არავის ვეწუწუნები. ბევრი სირთულე გამოვიარეთ 12 წლის განმავლობაში, ზოგი მთავრობით იყო გამოწვეული. ყოველთვის რაღაც რეგულაცია ჩნდებოდა, რომელიც ახალ პრობლემას გვიქმნიდა და გვიწევდა თავიდან შებრძოლება. ბრძოლა არ შეგვიწყვეტია.

საქმე ისაა, რომ ის ბიზნესი, რომელსაც ხელისუფალი ელაპარაკება, არის უფრო დიდი ბიზნესი, ვინც უფრო მეტ ფულს იხდის ბიუჯეტში. ჩვენ არ აღვიქვამენ ბიზნესად. არადა, ჩვენთანაც არაერთი ადამიანია დასაქმებული, მათ უკან ოჯახები დგას, ჩვენც ვიხდით გადასახადებს, ჩვენ ცოცხალი ეკონომიკა ვართ. ეს პატარა ბიზნესები თითქოს უჩინარები ვართ. იმ პირველ დაკეტვას უკვე შეწირა ბევრი ჩემნაირი ბიზნესი.

ჩემნაირი ბიზნესის წარმომადგენლებს ვეტყვი, რომ ჩვენ არ ვართ უმნიშვნელოები, ჩვენ მოგვიწევს ხმის ამოღება, ჩვენ თუ არ დავანახეთ ყველას, რომ ის ადამიანები ვართ, რომლებმაც შეიძლება ეს ქვეყანა ფეხზე დააყენონ, არაფერი გამოვა. იმ შეღავათებიდან, რაც დაასახელეს, ჩვენნაირ მცირე ბიზნესს მხოლოდ ის 15%-იანი შეღავათი ეხება საშემოსავლოზე. თუ ხელფასის გადახდის საშუალება არ გვექნება, ეს შეღავათიც ხომ ვერ გვეხება”, – ამბობს სალომე მუჯირი.

 

დღეს ჩვენ მხოლოდ ორი ბიზნესისტორია მოგიყევით და ორი ადამიანი გაგაცანით, რომლებიც წლებია ბაზარზე არიან, წლებია გადასახადებს იხდიან და წლებია ასობით ადამიანი ჰყავთ დასაქმებული, დღეს კი მათ უბრალოდ ბაზრიდან გაქრობა ემუქრებათ, მხოლოდ იმიტომ რომ მთავრობა მათ არ უსმენს, მხოლოდ მსხვილ ბიზნესს ხვდება და უბრალოდ არ იცის, რა ქნას, რა როგორ დაამენეჯმენტოს და რა როგორ გააკეთოს, რომ მსგავსი პატარა ბიზნესები არ გაქრეს და დამატებით ათასობით ადამიანი უმუშევარი არ დარჩეს.