“ორი დღეა ინდიკატორები მიგვითითებენ, რომ საჭიროა დამატებითი საწოლფონდის მობილიზება, სექტორი უკვე გაფრთხილებულია და მზაობა არის,” – ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გააკეთა.
მისი განცხადებით, აქამდე დამატებითი საწოლფონდის მობილიზება საჭიროდ არ ჩაითვალა, რადგან მხოლოდ ორი დღეა, რაც დამატებით ინდიკატორები საწოლფონდის მობილიზებისკენ მიუთითებენ.
“დამატებითი საწოლფონდის მობილიზება არ ჩაითვალა საჭიროდ. ჩვენ დღესაც ვთვლით, რომ მივდივართ თანმიმდევრული ნაბიჯებით. სწორედ მაშინ, როდესაც ეს საჭირო ხდება, გვაქვს ინდიკატორები ჰოსპიტალურ სექტორში და ამის მიხედვით ვიღებთ გადაწყვეტილებას. მხოლოდ ორი დღეა, რაც ეს ინდიკატორები მიგვითითებენ იმასთან დაკავშირებით, რომ საჭიროა დამატებითი საწოლფონდის მობილიზება. სექტორი არის უკვე გაფრთხილებული და მზაობა სექტორის მხრიდანაც არის. დადგენილებაში შევა დამატებითი ცვლილება, რის შედეგადაც ჩვენ მივიღებთ გაფართოებულ საწოლფონდს, რაც ამ კონკრეტული ეპიდვითარებისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის არის საჭირო”, – განაცხადა ტიკარაძემ.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ხვალ კოვიდსაბჭოზე დამატებითი რეგულაციებისა და ღონისძიებების განხილვა მოხდება, რომლები კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ეფექტიანია. მისი განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების რაოდენობა 10 ათასს აღემატება, რაც ჯანდაცვის სექტორზე ზეწოლას ზრდის.
“ხვალ პრემიერის მეთაურობით მოწვეულია კოვიდსაბჭო, რომელზეც ჩვენ განვიხილავთ იმ დამატებით რეგულაციებსა და დამატებით ღონისძიებებს, რომლებიც იქნება ეფექტიანი და რომლებსაც გამოვიყენებთ. ეპიდვითარება საკმაოდ რთულდება, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ჯანდაცვის სამინისტროს შრომითი ინსპექციის მხრიდან გამკაცრებულია ღონისძიებები და ინტენსიური მონიტორინგი, ასევე გამკაცრდა დაჯარიმებები. მნიშვნელოვანია, მსგავსი მიდგომა შენარჩუნდეს ჩვენი მხრიდან”, – აცხადებს ტიკარაძე.