ორგანიზებული ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ირაკლი ქორიძის საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. მოსამართლემ „კატასტროფის მედიცინის ცენტრის“ დირექტორის შვილის აღკვეთის ღონისძიება უნდა განსაზღვროს. გამოძიება მას სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ ორ მძიმე დანაშაულს ედავება.
ამ დროისთვის დაკავებული დუმილის უფლებას ინარჩუნებს. ბრალდებულის ადვოკატის ინფორმაციით, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს, თუმცა დაცვის მხარე გეგმავს მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართოს და მოითხოვოს, რომ ირაკლი ქორიძის მიმართ პატიმრობა არ იქნას გამოყენებული.
“ჩვენი პოზიცია იქნება ყოველგვარი აღკვეთის ღონისძიების გარეშე იქნეს დარჩენილი ირაკლი ქორიძე, რადგან ის მინიმალური სტანდარტიც არ არსებობს საქმეში, რითაც შეიძლება მას ბრალი წარედგინოს. საქმეში არსებობს ერთადერთი, ერთი წლის წინანდელი ჩვენება ჯაბა ხულორდავასი, რომელიც ვითომდა რაღაც დანაშაულებრივ სქემაზე საუბრობს, რაც ბრიფინგზე განაცხადა შსს-მ. ეს არის ერთადერთი ჯაბა ხულორდავას ჩვენებაზე აწყობილი ოთხი ტომი საქმე, რომელსაც არანაირი მტკიცებულებითი ღირებულება არ აქვს,“-განაცხადა ირაკლი ქორიძის ადვოკატმა სალომე ჯანაშვილმა და აღნიშნა, რომ ამ ჩვენებით ჯაბა ხულორდავამ საკუთარი საქმე შეიმსუბუქა და ამას ემთხვევა ისიც, რომ მან სამჯერ შეცვალა ჩვენება.
რაც შეეხება გიორგი გიორგანაშვილს, სავარუდოდ, მას ბრალი ხვალ დაუმძიმდება.
შეგახსენებთ, რომ რეანიმობილით დიდი ოდენობით ნარკოტიკების შემოტანისთვის კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ცნობილი ექიმების ოჯახის წევრი, ირაკლი ქორიძე 2 დღის წინ დააკავეს. შსს-ის ცნობით, ქორიძემ განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკის საზღვარზე უკანონოდ გადმოსატანად გეგმა წინასწარ შეიმუშავა.
900 აბი ნარკოტიკის საქართველოში შემოტანის სქემაში მონაწილეობისთვის ბრალს მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს, იგივე „ბახალასაც“ წარუდგენენ. გამოძიების ინფორმაციით, სწორედ მას უნდა გადაეცა თურქეთის ტერიტორიაზე ჯგუფის მესამე წევრისთვის წინასწარ შეძენილი ნარკოტიკი.