იპოდრომის ტერიტორიაზე, თბილისის ცენტრალური პარკის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. როგორც ცნობილია, პარკი 36 ჰექტარზე განთავსდება და მისი მოწყობისთვის სახსრებს ფონდი „ქართუ“ გაიღებს. ქალაქის მერი, კახა კალაძე, ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე, ნიკოლოზ ჩხეტიანთან ერთად მიმდინარე პროცესებს გაეცნო.
კალაძის თქმით, ორ წელიწადში ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე თბილისის ცენტრალური პარკი უკვე მზად იქნება.
„აქ მოეწყობა ცენტრალური პარკი, რომელიც არის ფონდ „ქართუს“ საჩუქარი ქალაქისთვის. ძალიან მიხარია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. კიდევ ერთი, ძალიან დიდი რეკრეაციული სივრცე გაჩნდება ქალაქში, სადაც ყველა თაობის ადამიანი დაისვენებს. სამუშაოები ეტაპობრივად ხორციელდება. ტერიტორია მთლიანად არ ჩაიკეტება, რადგან დღესაც ბევრი ადამიანი სარგებლობს. პროექტი რამდენიმე ათეული მილიონი ჯდება. სამუშაოები დაიწყო და ვულოცავ თბილისს. დღეიდან 2 წელი დაჭირდება ამ პროექტის დასრულებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
აღნიშნული, პროექტის მიხედვით, ტერიტორიაზე მულტიფუნქციური სივრცე მოეწყობა, სადაც გათვალისწინებულია ბოტანიკური ბაღი, იაპონური ბაღი, ფრანგული ბაღი, ამფითეატრი, შადრევანი, სკეიტ პარკი, სასაზღვრო სატყეო ზონა, შიდა სატყეო სექტორი, საგანმანათლებლო ცენტრი, მდელო, ზიპლაინი, სპორტის ზონა და კვების ზონა.
ასევე, მოეწყობა ცხოველების სასეირნო სივრცე, პანორამული პლატფორმა, გუბურა, თოკების პარკი, საფეხმავლო ხიდი, სამთო ველოსიპედების ბილიკები, სტრიტბოლის სივრცე, არეალები ლაშქრობისა და კლდეზე ცოცვისთვის. ხოლო, პარკის გარშემო სამი ავტოსადგომი იფუნქციონირებს.
შეგახსენებთ, რომ ყოფილი იპოდრომის ტერიტორია, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა, „ქართუმ“ თბილისის მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადასცა.