ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში გადაღებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით, სადაც ნაჩვენებია, როგორ სცემს დედა რამდენიმე თვის ბავშვს, გამოძიება დაიწყო. იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნათია წივწივაძე მედიასთან ამბობს, რომ ოჯახი სოციალურად დაუცველია და მათ ფინანსური მხარდაჭერა სჭირდებათ.
სოციალური მომსახურების ცენტრში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე ბავშვის უსაფრთხოება დაცულია და დედისგან გარიდების აუცილებლობა არ არსებობს.
თავად დედა “რუსთავი 2”-თან საუბრისას ამბობს, რომ მომხდარის დეტალები არ ახსოვს.
“არაფერი მახსოვს, ძალიან ცუდად ვიყავი. ორი ღამე ვიყავი უძინარი და არაფერი არ მახსოვს საერთოდ… ნერვოზი გჭირსო და სამკურნალო ხარო. მე მარტო არ ვზრდი. დედამთილი და ბებია მაზრდევინებენ. ინჰალაციას ვუკეთებდი, ისტერიკულად ტირილი დაიწყო და 2-3-ჯერ მოვარტყი, მეტი არაფერი. მე არ მაქვს მიკარების უფლება. ბებია და დედამთილი უვლიან,” – განაცხადა ბავშვის დედამ.
შსს-ს გამოძიება 126-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ძალადობას გულისხმობს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.