2018 წლის ოქტომბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 6.7% შეადგინა, – ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა, ვაჭრობა, უძრავი ქონებით ოპერაციების სექტორი.
”საქონლის ექსპორტი 2018 წლის 10 თვის მონაცემებით, დაახლოებით 24.5%-ითაა გაზრდილი და 2.7 მილიარდი დოლარია, 19.2% პროცენტით გაიზარდა ასევე იმპორტის მოცულობა. ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებული დღგ-ს გადამხდელი საწარმოთა ბრუნვის მოცულობა 6 მილიარდ 604 მილიონი ლარია, აღნიშნული მაჩვენებელი გაზრდილია 13.9%-ით. 2018 წლის ოქტომბერში დარეგისტრირებულია 4768 საწარმო, თუმცა, აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირებულია დაახლოებით 13%-ით. მიმდინარე წლის ოქტომბერში მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნებოდა სამ დარგში: დამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა და ვაჭრობა“, – აღნიშნა თოდრაძემ.
მისივე ინფორმაციით, მთლიანი შიდა პროდუქტის კლების ტენდენცია შეინიშნებოდა, ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოებისა და განაწილების დარგში.