23 ივნისს, „ოტიუმში“ წლის სიმღერის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. მუსიკალური კონკურსი, რომელიც რადიოჰოლდინგმა „ფორტუნა“ დააფუძნა, უკვე მესამედ ტარდება. 2014 წელს გამარჯვებული გახდა სიმღერა „Waterfall“, ნოდიკო ტატიშვილისა და სოფო გელოვანის შესრულებით, 2015 წელს კი ანრი ჯოხაძე სიმღერით – „განა, ყველა ქალი ქალია“.
წელს, წლის სიმღერასთან ერთად, კომპეტენტური ჟიური შეარჩევს გამარჯვებულებს შემდეგ ნომინაციებში:
- წლის მომღერალი ქალი
- წლის მომღერალი მამაკაცი
- წლის დუეტი
- წლის ჯგუფი
- წლის ანსამბლი
- წლის პოპსიმღერა
- წლის ქალაქური სიმღერა
- წლის დებიუტი
- წლის აღმოჩენა
- ჯილდო მუსიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის
გარდა ამისა, რადიოსადგურები „ფორტუნა“, „ფორტუნა პლუსი“, „არ დაიდარდო“ და „ავტორადიო“, ასევე ტელეკომპანია „მიუზიკბოქსი“, საკუთარ რჩეულებს დაასახელებენ. ინტერნეტგამოკითხვის, „იუთუბზე“ ნახვებისა და ოთხი რადიოსადგურის ჩარტებში მოწინავე პოზიციების გათვალისწინებით, გამოვლინდება ხალხის რჩეული.
დღეს, „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში ამ თემასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია ჩატარდა, სადაც „ფორტუნას“ წარმომადგენლებმა მედიას დაწვრილებითი ინფორმაცია მიაწოდეს მუსიკალური კონკურსის შესახებ.
თამარ სადრაძე, რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი:
რადიოჰოლდინგმა „ფორტუნამ“ წლის სიმღერის კონკურსი იმისთვის დააფუძნა, რომ ხელი შეუწყოს ქართული სიმღერის პოპულარიზაციას, დააფასოს მუსიკალურ სფეროში მოღვაწე ადამიანების შრომა და წარმოაჩინოს ახალგაზრდა მუსიკოსები. წლის სიმღერის, ასევე სხვა ნომინაციებში გამარჯვებულებს კომპეტენტური ჟიური შეარჩევს, ხალხის რჩეული ინტერნეტგამოკითხვით დასახელდება, რადიოსადგურებს საკუთარი რჩეულები ეყოლებათ. წლის სიმღერის კატეგორიაში გამარჯვებულს რადიოჰოლდინგი ფულადი პრიზით, 5000 ლარით დააჯილდოებს.
23 ივნისს, „ოტიუმში“ ქართული შოუბიზნესის უამრავ წარმომადგენელს ვუმასპინძლებთ. ამ დაჯილდოებით მუსიკალურად შევაჯამებთ განვლილ, 2015 წელს და ვფიქრობთ, რომ სტიმულსაც მივცემთ შოუბიზნესის წევრებს, მეტი ახალი ქართული სიმღერა შექმნან, რომლებსაც რასაკვირველია, დიდი სიამოვნებით დავუთმობთ ჩვენი ჰოლდინგის რადიოსადგურების ეთერს.
ანრი ჯოხაძე, „ოქროს ტალღა 2014“-ის გამარჯვებული:
ნომინანტებს შორის საკუთარი თავის აღმოჩენა ძალიან სასიამოვნო იყო, გამარჯვებას არ ველოდი და ძალიან კარგი შეგრძნება იყო. „განა, ყველა ქალი ქალია?!“ წლის ჰიტი ნამდვილად გახლდათ. სასიამოვნოა, როცა პროფესიონალი ადამიანებისგან დაკომპლექტებული ჟიური აფასებს შენს ნაშრომს.
ვფიქრობ, „ოქროს ტალღა“ სწორ რელსებზე დგას, რადგან ამ მუსიკალურ კონკურსს რადიოჰოლდინგი ატარებს. ფულადი ჯილდო 5000 ლარი, რასაკვირველია, გამარჯვებულისთვის დიდი სტიმულია. მიხარია, რომ რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ ქართველ მუსიკოსებს ახალისებს.