თორნიკე ოქრიაშვილი უგუნდოდ აღარ არის. ეს უკვე კარგია. თუმცა ცუდია ის, რომ ოქრიაშვილსაც წასვლა რუსეთში მოუხდა და არა ევროპაში. რუსეთში მისული ბევრი ჩვენიანი გვინახავს, დიდი იმედებით და პერსპექტივით და ბევრივე იქვე ჩარჩენილა ისე, რომ ეს პერსპექტივა აღარ განხორციელებულა.
სამწუხაროდ, არც თავად ოქრიაშვილს აეწყო აქამდე კარიერა. სადაც მივიდა, ფეხი ვერსად მოიკიდა. იმედია, მისი ახალი კლუბი გამონაკლისი იქნება, თუმცა თუ თორნიკე რუსეთს თავს მალე დააღწევს და ევროპაში წავა, ნამდვილად კარგი იქნება ყველასთვის: მისთვის, ნაკრებისთვის, გულშემატიკვრისთვის.
ოქრიაშვილი რუსეთის პრემიერლიგის კარგმა გუნდმა ”კრასნოდარმა” აიყვანა.
მოგეხსენებათ, 24 წლის ქართველმა ბელგიურ ”გენკთან” (34 მატჩი, 2 გოლი) კონტრაქტი გაწყვიტა, ხოლო ფრანგული ”მარსელი” ჩაეშალა.
მას შემდეგ, რაც ოქრიაშვილი თავისუფალი აგენტი გახდა, ”კრასნოდარს” არსებული წესებით საშუალება გაუჩნდა ფეხბურთელი არასარეგისტრაციო პერიოდშიც შეეყვანა განაცხადში. პირადი კონტრაქტის პირობებიც შეთანხმებულია. ოქრიაშვილი კრასნოდარში კვირის ბოლომდე ჩავა.