რუსეთის პრემიერლიგის მე-10 ტურში მახაჩყალის “ანჟი” საკუთარ მოედანზე “კრასნოდართან” გამანადგურებელი სხვაობით, 1:5 დამარცხდა.
სტუმრებს ტრავმით გამოწვეული 6-თვიანი პაუზის შემდეგ საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცცველი თორნიკე ოქრიაშვილი დაუბრუნდა, რომელიც საქმეში 75-ე წუთზე ჩაერთო და 79-ე წუთზე დაბრუნება ფედორ სმოლოვის დახმარებით გოლად აქცია.
პირველ ყოვლისა, გილოცავთ დაბრუნებას, თანაც ასე შთამბეჭდავად! როგორია შენი ემოციები?
ისეთ ემოციებში ვარ, თავი სიზმარში მგონია! ის პერიოდი, რაც 6-თვიანი პაუზის დროს გავიარე, ღმერთის წყალობით გავიარე, დიდი მადლობა უფალს, უზომოდ გახარებული ვარ.
დიდი ხნის პაუზის შემდეგ, დაბრუნება ხომ არ გაგჭირვებია?
არა, პირიქით! იმდენად მონატრებული ვიყავი მოედანს, ერთი სული მქონდა როდის დავბრუნდებოდი.
ეს იმას ნიშნავს, რომ ოქრიაშვილი ოქტომბრის დასაწყისში სანაკრებო პაუზაზე საქართველოს დაეხმარება?
იმ შემთხვევაში, თუ ნაკრებში გამომიძახებენ და იმედია დამიძახებენ, ეროვნულ ნაკრებს 100%-ით დავეხმარები. რა თქმა უნდა, ჩამოვალ და ყველანაირ ენერგიას ჩავდებ, რომ ნაკრებშიც გავიტანო და მოვიგოთ!
adjarasport