პარტია „ქართული ოცნება“ ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 პირობის შესასრულებლად პარლამენტის კომიტეტების ფარგლებში რამდენიმე სამუშაო ჯგუფის შექმნას გეგმავს. სამუშაო ჯგუფი შეიქმნება მათ შორის დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონზე მუშაობის მიზნით. ასევე, დაკომპლექტდება მონიტორინგის ჯგუფი დეპოლარიზაციის ხელშესაწყობად. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ხვალ, 7 ივლისს დაგეგმილ შეხვედრაზე დეპოლარიზაციაზე ისაუბრებენ.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბაჩო დოლიძემ „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ ისაუბრა.
ბაჩო დოლიძის თქმით, ქართული ოცნება“ სექტემბერ-ოქტომბრამდე დროის გაყვანას ცდილობს და იმისათვის, რომ ევროკომისიის 12 რეკომენდაციაზე დაიწყოს საუბარი, საჭიროა რიგგარეშე სხდომების გამართვა, სადაც დეპოლარიზაციაზე, საკონსტიტუციო ცვლილებებზე და ასევე საარჩევნო თემატიკის საკითხებზე მოხდებოდა მსჯელობა.
ბაჩო დოლიძის განმარტებით, პოლარიზაციის ნორმალიზება ხელისუფლების ბერკეტია, შესაბამისად, ბურთი და მოედანი ხელისუფლების მხარესაა და მათი გადასაწყვეტია, როგორ წარიმართება პოლიტიკური პროცესი საქართველოში.
„ქართული ოცნების“ მხრიდან მცდელობა იქნება, რომ დრო იყოს გაყვანილი და დრო გაიწელოს. შესაბამისად მცდელობა, რომ ოპოზიციური სპექტრი იყოს ჩათრეული, რა თქმა უნდა ამის მცდელობაა. ჩვენი აზრით სწორედ ამის საშუალება არ უნდა მივცეთ, რადგან მოსახლეობაში ისედაც აბსოლუტური უნდობლობაა მმართველი გუნდის მიმართ. არ უნდა მივცეთ მათ იმის საშუალება, რომ ანალოგიური უნდობლობა იყოს ოპოზიციის მხარესაც გადმოტანილი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
დღეს ოპოზიციურმა პარტიებმა კონკრეტული წინადადებით მივმართეთ ხელისუფლებას, რომ ჩაენიშნათ რიგგარეშე სხდომები – ეს იქნებოდა პირველი გადადგმული ნაბიჯი, რომ მომხდარიყო დეპოლარიზაცია და რიგი საკითხები პოლიტიკურ ჭრილში გადასულიყო.
რიგგარეშე სხდომებზე მოხდება საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხების განხილვა. ეს საკითხებია, საარჩევნო თემატიკის, ბარიერის დაწევის საკითხი, რომელიც პირველი მოსმენით იყო გატანილი და შემდგომ შეაჩერა ქართულმა ოცნებამ, რათა ყოფილიყო ვაჭრობა გამართული სხვა ოპოზიციურ პარტიებთან და ბლოკების შექმნის საკითხი, რომელიც არ იძლევა საშუალებას ნორმალური საარჩევნო პროცესი გაიმართოს ქვეყანაში. ესეც გაკეთებულია იმისათვის, რომ პატარა ოპოზიციურმა პარტიებმა, ვერ შეძლონ სრულყოფილად მონაწილეობის მიღება საარჩევნო პროცესში.
მმართველი გუნდი ცდილობს დრო გაიყვანოს და სექტემბრიდან ან ოქტომბრიდან შეუდგეს ამ საკითხს, თუმცა ჩვენი მოწოდებაა, რომ რიგგარეშე სხდომები გამართოს და თუ ქართული ოცნება ამაზე უარს გვეტყვის ჩვენ პრეზიდენტსაც მივმართავთ, რისი დისკრეციაც მას აქვს.
იმედი მაქვს, რომ ჩვენს მიერ, დღეს გაჟღერებული პოზიცია ადეკვატურად იქნება აღქმული და დროის გაწელვის ნაცვლად შევძლებთ საკითხზე მუშაობას უახლოეს მომავალში. დასაკარგი დრო არ გვაქვს, დეკემბრამდე უნდა შევასრულოთ მოთხოვნები, რომლებიც ევროპული საბჭოს მხრიდან არის წამოყენებული.
ხელისუფლებას აქვს ბერკეტი პოლარიზაცია დასწიოს და სიტუაციის ნორმალიზება მოახდინოს. ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი უნდა გადაედგათ და დაენიშნათ რიგგარეშე სხდომები და გადაეწყვიტათ საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელზეც ამდენი ხნის განმავლობაში ვსაუბრობთ ჩვენც და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, როგორც ბრიუსელში, ასევე აშშ-ში. ბურთი და მოედანი ამ ეტაპზე არის ხელისუფლების მხარეს და მათი გადასაწყვეტია, თუ როგორ წარიმართება პოლიტიკური პროცესი საქართველოში.“, – აცხადებს ბაჩო დოლიძე.