“ოპოზიციური ფრაქციების მოთხოვნის დროს, კომიტეტის სხდომებზე მინისტრები არ ცხადდებიან”, – ამის შესახებ ინფორმაციას სოციალური სამართლიანობის ცენტრი ავრცელებს.
როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე დგინდება, რომ ოპოზიციური ფრაქციების მიერ მინისტრების მოწვევის შემთხვევაში, რეგლამენტით განსაზღვრული ორდინარული წესის შესაბამისად კომიტეტზე მინისტრის მოსმენა არც ერთხელ გაიმართა.
ამ ინფორმაციის მიხედვით, მეათე მოწვევის პარლამენტში 8 შემთხვევა იყო ისეთი, როდესაც ოპოზიციურმა ფრაქციებმა (“შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი” და “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის”) მინისტრები სხვადასხვა კომიტეტის სხდომაზე დაიბარეს:
◾ ორ შემთხვევაში მინისტრის (შინაგან საქმეთა და კულტურის) გამოუცხადებლობის ოფიციალური მიზეზად ის სახელდება, რომ ეს საკითხი “მინისტრის საათის” ფორმატში, პლენარულ სხდომაზე განიხილეს (ან დაიგეგმა განხილვა).
◾ სამ შემთხვევაში მინისტრის კომიტეტის სხდომაზე მოსმენა იმ არგუმენტით ვერ შედგა, რომ მინისტრის გამოცხადების თარიღზე კონსულტაციების მიმდინარეობის პერიოდში, ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ გაუქმდა.
◾ დარჩენილ სამ შემთხვევაში, პარლამენტის მიერ მოწოდებული ოფიციალური ინფორმაციით იკვეთება, რომ დღემდე მიმდინარეობს მსჯელობა თარიღის დაზუსტებასთან დაკავშირებით.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით, მეათე მოწვევის პარლამენტში 5 შემთხვევა იყო ისეთი, როცა თანამდებობის პირი კომიტეტის სხდომაზე გამოცხადდა:
მათგან 4 შემთხვევაში კომიტეტის სხდომაზე გამოცხადების ინიციატორი თავად მინისტრი იყო (ყველა შემთხვევაში – იუსტიციის).
ერთ შემთხვევაში კი, ოფიციალური ინფორმაციით, თანამდებობის პირი სხდომაზე გამოცხადდა „საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ლევან იოსელიანისა და პარლამენტის წევრის ალექსანდრე ელისაშვილის წერილების საფუძველზე, კომიტეტის სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით (ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი).
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, არსებული ინფორმაციები იმის თქმის საფუძველია, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს არ აქვთ პოლიტიკური ნება, რომ ოპოზიციური ფრაქციების მოთხოვნის საფუძველზე კომიტეტის სხდომაზე გამოცხადდნენ და პარლამენტის წევრების კითხვებს უპასუხონ.
“ტექნიკურად, ისინი რეგლამენტს არ არღვევენ იმ შემთხვევაში, როცა თარიღთან დაკავშირებით კონსულტაციებს მართავენ და ძირითადი წესის მიხედვით მომდევნო კომიტეტის სხდომაზე არ ცხადდებიან. თუმცა, ეს ჩანაწერი შესაძლოა ბოროტად იქნეს გამოყენებული, გაიწელოს დრო და საკითხმა სულაც აქტუალობა დაკარგოს. გარდა ამისა, საპარლამენტო ჯგუფებთან პოლიტიკური ურთიერთობის ნების არარსებობის მანიშნებელია ფორმალური მიზეზით – ფრაქციის გაუქმების არგუმენტით – სხდომაზე არ გამოცხადება, როცა საკითხის ინიციატორები კომიტეტში კვლავ არიან წარმოდგენილები, საკითხი კი აქტუალურია.
ამასთანავე, არასწორი და დაუსაბუთებელია, როცა თანამდებობის პირების გამოუცხადებლობის მიზეზად სახელდება სხვა ფორმატში მისი მოსმენის შესაძლებლობა. კომიტეტის სხდომაზე დაბარება და „მინისტრის საათი“ განსხვავებული ფორმატებია როგორც ფორმით, ასევე შინაარსით და ისინი განსხვავებული მიზნების მიღწევას ემსახურებიან.
კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირების დასწრების მიზნად კონკრეტული (ხშირად მეტად აქტუალური) საკითხის სათანადო და სიღრმისეული პოლიტიკური განსჯა უნდა მივიჩნიოთ, ხოლო „მინისტრის საათი“ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „სამთავრობო პროგრამის შესრულების შესაბამისი მიმართულების შესახებ მოხსენებით გამოსვლას“ გულისხმობს.[3] ამდენად, ამ არგუმენტით კომიტეტის სხდომაზე დაუსწრებლობა, რეგლამენტის ნორმების არასწორი განმარტება, და მისი დარღვევაა”, – წერია მიმართვაში.
სოციალური სამართლიანობის ცენტრში აღნიშნავენ, რომ ეფექტიანი საპარლამენტო მუშაობისთვის ამგვარი პრაქტიკები არა მხოლოდ მიუღებელია, არამედ ის ფაქტობრივად აუფასურებს საპარლამენტო კონტროლისა და ანგარიშვალდებულების მექანიზმებს.
“აუცილებელია, მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებმა არსებითად შეცვალონ ამ საკითხზე მათი მუშაობის ლოგიკა და დამოკიდებულება”, – ვკითხულობთ მიმართვაში.