LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა მოქალაქეებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს

93

დღევანდელი დღე, გარდა ზოგადი ზეიმისა არის დღე, როდესაც განსაკუთრებით უნდა დავფიქრდეთ იმაზე, თუ რას ვაკეთებთ ჩვენი ასაკოვანი თაობისთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ვაკის პარკში განაცხადა, სადაც უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინებით შეამკო და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვება მიულოცა. ბაქრაძის შეფასებით, დღევანდელი დღესასწაულის მთავარი შემოქმედები ომის ვეტერანები არიან, რომლებზეც ზრუნვა სახელმწიფოს ღირსების საკითხია.

უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან, ასევე იმყოფებოდა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, ირმა ინაშვილი, რომელმაც მოქალაქეებს და ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა.

„სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ბევრი რამის გადაფასება ხდება, ბევრი ამბობს, რომ ეს არ იყო სამამულო ომი, მაგრამ სწორედაც რომ ეს სამამულო ომი იყო, ამ ომში 300 000 ქართველი დაიღუპა, ქართველი მამაკაცების 12% და ამან ჩვენი გენოფონდი ძალიან დააზარალა. ეს ადამიანები არ იბრძოდნენ ნამგალი და უროსთვის, ისინი იბრძოდნენ ფაშიზმის წინააღმდეგ და ეს ნამდვილად დასაფასებელია,“ – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ვაკის პარკში იმყოფება “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი, ნინო ბურჯანაძეც, რომელმაც ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნა.

“ჩვენ არასოდეს არ უნდა დაგვავიწყდეს ამ ადამიანების ბრძოლა. მათ თავი გასწირეს იმისთვის, რომ მსოფლიოს ეს შავი ჭირი თავიდან მოეშორებინა. ძალიან გამიხარდა, რომ დღეს აქ დავინახე ადამიანები ომის მონაწილეების ფოტოებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი აქციაა, მართლაც უკვდავი აქციაა და ეს ადამიანები ყველას უნდა გვახსოვდეს,” – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მოქალაქეებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმაც.

“ვულოცავ ჩვენს ვეტერანებს 9 მაისს, ეს არის ფაშიზმზე გამარჯვების დღე და სახელმწიფო ღირსეულ პირობებს უნდა უქმნიდეს ამ ადამიანებს,” – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.