„ჯანაშიამ, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა პირდაპირ განაცხადა, რომ სააკაშვილი თურმე ციხიდან იმიტომ უნდა გამოუშვან, რომ მან რევოლუციურ პროცესებში მიიღოს მონაწილეობა, რაც ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციის რადიკალური ნაწილი არა არჩევნებისთვის, არამედ სიტუაციის რადიკალიზაციისთვის ემზადება“, – ამის შესახებ რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
„ქართული ოცნების“ დეპუტატი გადაცემაში „დღის თემა“ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი და მიეცეს უფლება მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ წინარევოლუციურ პროცესში.
დავით მათიკაშვილი ამბობს, რომ კანონსაწინააღმდეგო ქმედება ქვეყანაში არავის გაუვა.
„იცის რა ოპოზიციის რადიკალურმა ნაწილმა, რომ მათ არჩევნებზე ფაქტიურად არანაირი შანსი არ აქვთ, ჩანს და იკითხება თუნდაც ამ განცხადებიდან, რომ ისინი რაღაც რევულუციური პროცესებისთვის ემზადებიან. აქვე მინდა ვთქვა, რომ არანაირი რევოლუცია, სიტუაციის ადუღება და კანონსაწინააღმდეგო ქმედება ჩვენს ქვეყანაში არავის გაუვა.
ქვეყანა არის მზად იმისათვის, რომ მაღალი ხარისხის, დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს. საბოლოოდ ის თუ ვინ იქნება საქართველოს ხელისუფლებაში გადაწყვეტს არა ოპოზიცია, არა რომელიმე სხვა პარტია და თუნდაც უმრავლესობა, არამედ საქართველოს მოსახლეობა“. – განაცხადა „ფორტუნას“ ეთერში დავით მათიკაშვილმა.
შეგახსენებთ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილმა უფროსმა, თეიმურაზ ჯანაშიამ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს უნდა მიეცეს უფლება, მონაწილეობა მიიღოს წინარევოლუციურ პროცესში.
„ჩვენი ქვეყნის პარტნიორი ქვეყნის მინისტრი პირდაპირ მიუთითებს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს უნდა მოექცნენ სამართლიანად, სამართლიანობა კი მოითხოვს იმას, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილი არ უნდა იყოს იქ, სადაც არის.
მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფლებაზე, მიხეილ სააკაშვილს უნდა მიეცეს უფლება, მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ წინარევოლუციურ პროცესში“. – განაცხადა ჯანაშიამ.