„ოპოზიციის მომავალი არის გაჩერებულ ვაგონში, რომელიც ჩამორჩა ევროინტეგრაციის მატარებელს, ახლა ამ გაჩერებულ ვაგონში ცხოვრობს ოპოზიცია და ახალ ორთქლმავალს ელოდება, რომელიც ჯერჯერობით არ ჩანს – ვერც ამ ცხრა რეკომენდაციაში და ვერც სხვა რეკომენდაციებში, ოპოზიცია ბუნებრივად ვერ მიიღებს მონაწილეობას,“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ევრო რეკომენდაციებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფებში ოპოზიციის ჩართვის საკითხზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.
„კანდიდატის სტატუსის მოცემის გადაწყვეტილებაში მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ ის, რომ ფორმალურად მოგვანიჭეს და დე იურე გავხდით კანდიდატის სტატუსის ქვეყანა, არამედ პირველ რიგში, მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ, ქართველმა საზოგადოებამ და სახელმწიფომ დაამტკიცა, რომ ის იყო მართალი, ჩვენ ვიყავით მართლები, როდესაც ვამბობდით, რომ საერთაშორისო პარტნიორებს დავარწმუნებთ იმაში, რომ ქართული სახელმწიფო არის უძველესი ქრისტიანული კულტურის ქვეყანა და პირველ რიგში, ამიტომაა თავსებადი ევროპულ კულტურასთან.
ჩვენ ბოლო წელიწად ნახევრის განმავლობაში ვმუშაობდით ყველა რეკომენდაციაზე და ოპოზიცია პირიქით – ანგრევდა ყველა იმ რეკომენდაციას, რომელიც ევროკავშირს ჰქონდა.
ამიტომაც დადასტურდა, რომ ჩვენ ვიყავით მართლები, სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი ოპოზიციის საწინააღმდეგოდ და ქართველი ხალხის სასარგებლოდ.
როდესაც ეუთო/ოდირის რეკომენდაციით, პარლამენტის თავმჯდომარესთან იყო ოპოზიცია და დეოლიგარქიზაციის პროცესის შემადგენელ ნაწილად აღიარეს იურიდიული პირების მხრიდან პარტიების დაფინანსების აკრძალვა, ოპოზიციას იქ ხმა არ ამოუღია და ამის შემდეგ დაიწყეს საუბარი, რომ მონაწილეობას არ მიიღებდნენ და ხმა არ მისცეს ამ ცვლილებას, რომელიც ეუთო/ოდირის რეკომენდაცია იყო. ბუნებრივია, პირველივე ტესტი რომ ვერ ჩააბარა ოპოზიციამ, იმედი არ მაქვს რომ დანარჩენ ტესტებს ჩააბარებს,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.