საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მმართველ გუნდს ოპოზიციასთან არანაირი აქტიური მოლაპარაკება არ აქვს და პრემიერის განცხადებაც ამას ნიშნავდა. მისი თქმით, მოლაპარაკება არათუ “ქართულმა ოცნებამ” შეაჩერა, არამედ გამოჩნდა, რომ საკუთარი ვიზიტი კრისტიან დანიელსონმაც შეწყვიტა და უკან, ბრიუსელში დაბრუნდა.
პაპუაშვილის თქმით, არჩევნების შემდეგ, უკვე 5 თვე გავიდა და ოპოზიცია კვლავ ცდილობს ქვეყანას საკუთარი დღის წესრიგი მოახვიოს, შექმნან ხელოვნური კრიზისი. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ხელისუფლებამ უნდა მიხედოს არა ოპოზიციის შექმნილ ხელოვნურ, არამედ რეალურ პრობლემებს, როგორიც არის – პანდემია, ვაქცინაცია და ა.შ.
„დღეისათვის არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს და სხვათა შორის, სწორედ პრემიერის განცხადება ამას შეეხება. არჩევნების შემდეგ, უკვე 5 თვე გავიდა და ჩვენი ოპონენტები ცდილობენ ქვეყანას საკუთარი დღის წესრიგი მოახვიონ, შექმნან ხელოვნური კრიზისი, რომელიც მათ შორის, დამტკიცდა იმით, რომ რიგგარეშე არჩევნების საკითხი საერთოდ მედიატორმა არ წარმოადგინა, ეს ნაწილი ევროპისთვის, ამერიკისთვის და ჩვენთვისაც დახურულია.
შესაბამისად, ეს ყველაფერი რომ ხელოვნური კრიზისია, ეს გაშიშვლდა იმ საღამოს, როცა ოპოზიციამ მოლაპარაკების მაგიდა ააყირავა, დოკუმენტი დაიწუნა და „კოჭლი დოკუმენტი” უწოდა. ჩვენ უნდა მივხედოთ რეალურ პრობლემებს, რაც გვაქვს და არა ხელოვნურ პრობლემებს, რომელსაც ოპოზიცია ქმნის,”- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, დღეს, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მთავრობას არ აქვს დრო არაპროდუქტიულ მოლაპარაკებებზე დრო დაკარგოს.