მარნეულში საარჩევნო პროცესის დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგა ბოკერია, ამბობს, რომ მსგავსი შემთხვევები „ტრადიციულად“ ხდება ხოლმე, რაც წინა ხელისუფლების დროს ასეთი დოზით არადროს ყოფილა. ბოკერია განსაკუთრებით ოპოზიციური მაჟორიტარი კანდიდატების მიმართ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაზე ამახვილებს ყურადღებას.
– მარნეულში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ შსს-მ მარნეულში პოლიციის დამატებითი ძალები შეიყვანა. რა ვითარებაა ახლა ადგილზე?
გიგა ბოკერია: ჩვენც გვითხრეს, რომ სპეცრაზმია მობილიზებული, მაგრამ მე პირადად ისინი არ მინახავს და ამაზე ვერაფერს მოგახსენებთ. რაც შეეხება საერთო ატმოსფეროს, საარჩევნო უბნების წინ შეკრებილი იყო „ქართული ოცნების“ მომხრეთა ჯგუფი, ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები, სხვადასხვა სტრუქტურის წარმომდგენლები, მათი მაჟორიტარი კანდიდატიც იმყოფებოდა ადგილზე და იქცეოდნენ ტრადიციულად, რაც გვინახავს.
ერთ არაფორმალურ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს, მილიარდერს, აქვს კონტროლი ყველაფერზე.
– აგიტაციის შემთხვევას გულისხმობთ?
გიგა ბოკერია: აგიტაციაში არაა პრობლემა. ეს რომ მხოლოდ აგიტაცია იყოს, მაგრამ რეალურად აგიტაცია კი არ იყო, აქ იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა, როგორ ბედავთ, რომ ოპოზიციას უჭერთ მხარს. ჩვენი მომხრეებიც იმყოფებოდნენ და ამ სიტყვიერ შეურაცხყოფას მოჰყვა ფიზიკური თავდასხმა – ერთ-ერთ პირს შემოახიეს მაისური. ეს ინციდენტი ძალიან დამაჯერებელია იმიტომ, რომ საერთო სიტუაციას რომ ვუყურებთ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არიან ძალიან აგრესიულები, ქმნიან იმ ატმოსფეროს, რომელსაც მთელი წინასაარჩევნო კამპანიის დროს ქმნიდნენ. ოპოზიციაში ყოფნა, ეს ნიშნავს, რომ იყო სიტყვიერი და, თუ საჭირო გახდა, ფიზიკური შეურაცხყოფის ქვეშ, ვერ უნდა ბედავდე ხელისუფლების ოპონენტებთან აფილირებას. აი, ამ კლიმატს ქმნიან და არჩევნების დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ამიტომ არიან ყველგან დიდი რაოდენობით და ვიმეორებ კიდევ ერთხელ: მუდმივად ეწევიან ამ ჯერ სიტყვიერ, შემდეგ კი ფიზიკურ ზეწოლას. ყველაფერს ართულებს ის, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს გვქონდა რამდენიმე გახმაურებული შემთხვევა და უფრო მეტი გაუხმაურებელი შემთხვევა, მათ შორის ფიზიკური თავდასხმების, ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა სადახლოში მოხდა უამრავი ადამიანის თვალწინ, როდესაც ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატს თავს დაესხნენ. ამ ფაქტს არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. ეს განცდა მთავრობასთან დაკავშირებულ ადამიანებს, თვითმმართველობის თუ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, რომ დაუსჯელები დარჩებიან, ახალისებს ასეთ ინციდენტებს.
ოპოზიციაში ყოფნა, ეს ნიშნავს, რომ იყო სიტყვიერი და, თუ საჭირო გახდა, ფიზიკური შეურაცხყოფის ქვეშ, ვერ უნდა ბედავდე ხელისუფლების ოპონენტებთან აფილირებას.
– თქვენი ცნობით, მარნეულის გარდა, რა ვითარებაა სხვა რეგიონებში? საია-ში აცხადებენ, რომ ამომრჩეველს შეიძლება, გაუჩნდეს გარკვეული განცდა იმისი, რომ მათი მისვლა არჩევნებზე კონტროლდება.
გიგა ბოკერია: კი, ეს პრობლემა არის. ეს არის ფორმალურადაც დარღვევა. მე ჯერჯერობით მარნეულში ვიმყოფები, რაც მედიის და ჩვენი თანაგუნდელების ინფორმაციით ვიცი, ის, რაც ვნახეთ თბილისში, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენლები მოქალაქეების პირად ნომრებს იწერენ, ეს არის ფორმალური დარღვევა და რეალურად ქმნის ატმოსფეროს, რისი შთაბეჭდილების შექმნაც უნდათ მმართელი გუნდის წარმომადგენლებს, რომ ყველას არჩევანი კონტროლდება, რომ სრული ინფორმაცია ექნებათ იმის შესახებ, თუ ვინ მისცა ხმა და, მოგეხსენებათ, იმ ჭორებსაც ავრცელებენ, თითქოს გაიგებენ, მოქალაქეების როგორ და ვის მისცემენ ხმას. ეს, რა თქმა უნდა, პრობლემაა. ასევე, არ მინდა, რომ გამომრჩეს, პრობლემა არის მასობრივი ინფორმაცია ყველგან თითქმის, ფულის დარიგებაზე.
იმ ჭორებსაც ავრცელებენ, თითქოს გაიგებენ, მოქალაქეები როგორ და ვის მისცემენ ხმას.
დასავლეთ საქართველოში ეს ფაქტი დოკუმენტურადაც აღბეჭდეს. აქაც ჩვენ ვიხილეთ მანქანა, რომელიც საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე შიგნით იქნა შეშვებული და ჟურნალისტების გამოჩენისთანავე გაიქცნენ. ამოიცნეს, რომ ეს იყო ადგილობრივ სასამართლოში მომუშავე ბიუროკრატი, ამ ფაქტის გადაღება ვერ მოხერხდა, იქვე ხდებოდა ფულის დარიგება. უბანზე შიგნით შეუშვა ადმინისტრაციამ, რკინის ჭიშკარი გაუღეს, იქვე კომფორტულად მოათავსეს და მედიის წარმომადგენლების გამოჩენის შემდეგ დატოვეს ნაჩქარევად მათ იქაურობა. ასეთია ვითარება: დაშინება, ზეწოლა, დაუსჯელი ძალადობის ფაქტები და მოსყიდვა – ეს არის ის შთაბეჭდილება, რომელიც ამ მომენტისთვის შემიძლია, გაგიზიაროთ პრობლემებთან დაკავშირებით. მინდა ხაზი გავუსვა, ჩვენი იმედი გვაქვს და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ არანაირი ფიზიკური დაპირისპირების შემთხვევებს ადგილი არ ჰქონდეს, ყველაფერმა ჩაიაროს მშვიდად და ამომრჩევლებმა გადაწყვიტონ, ვინ უნდათ, რომ იყოს მარნეულში მათ მიერ არჩეული თვითმმართველობა.
ასეთია ვითარება: დაშინება, ზეწოლა, დაუსჯელი ძალადობის ფაქტები და მოსყიდვა – ეს არის ის შთაბეჭდილება, რომელიც ამ მომენტისთვის შემიძლია, გაგიზიაროთ პრობლემებთან დაკავშირებით.
– თქვენ, ძირითადად, დარღვევებზე საუბრობთ, თუმცა თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, მაშინდელ ოპოზიციას ჰქონდათ მსგავსი ბრალდებები და საუბრობდნენ ე.წ. „კარუსელებზეც“. წინა არჩევნებს რომ შევადაროთ დარღვევების კუთხით, რა მასშტაბებთან გვაქვს საქმე დღეს, რით არის განსხვავებული დღევანდელი არჩევნები?
გიგა ბოკერია: თუ წლების წინ იყო პრობლემები და იყო კიდევაც, მიუხედავად იმისა, რომ მე ისტორიულ ანალოგიას არ ვეთანხმები, არსებითად განსხვავებული ვითარებაა დღეს, ამ ტიპის მდგომარეობა საქართველოში პრაქტიკულად არასდროს ყოფილა. ერთ არაფორმალურ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს, მილიარდერს, აქვს კონტროლი ყველაფერზე. თქვენ ნახეთ ფინანსური რესურსების გადანაწილებაც, ასეთი დისბალანსით არასოდეს არ ყოფილა, შეგიძლიათ, შეადაროთ 2012 წელს. მმართველ პარტიას ჰქონდა უპირატესობა, მაგრამ ასეთი მონაცემები შედარებადიც კი არ იყო. ვითარება, თუკი რამე პრობლემა იყო, დამძიმდა, კი არ გაუმჯობესდა. წინა არჩევნებს თუ ვადარებთ, უნდა შევადაროთ ამ ხელისუფლების პირობებში ჩატარებული არჩევნები.
ეს არჩევნები ამ ხელისუფლების პირობებში ჩატარებული მეოთხე არჩევნებია, ყველაზე სწორი იქნება, იგივე ტიპის წინა არჩევნებს შევადაროთ, დაშინების, მუქარის თვალსაზრისით მდგომრეობა გაუარესდა და ეს გახლავთ არა ჩემი, არამედ სადამკვირვებლო მონაცემების შთაბეჭდილება. ყველზე უფრო სერიოზული გაუარესება არის დაშინების და ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით.
დედიკა კალატოზი