ოპოზიციამ გულზე ხელი დაიკრიფა და მისვენებული ელოდება 2 ოქტომბრის მოახლოებას,- ასე აფასებს ქვეყანაში შექმნილ წინასაარჩევნო გარემოს პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“.
მისივე განცხადებით, „ოპოზიცია თავისი უმოქმედობით, თავადვე აღიარებს ურესურსობას და ოპოზიცია სრულად იმსახურებს იმ ხელისუფლებას, რომელიც გვყავს.“
ხათუნა ლაგაზიძის შეფასებით პარლამენტში შესული ოპოციზიური სპექტრი რამდენიმე ჯგუფად იყოფა: „ლეღვის ფოთლები“, „სკამებს დაბღაუჭებულები“ და „რეალური ოპოზიცია“
„პარლამენტში შესული ოპოზიცია, პირობითად შეიძლება სამ ნაწილად დავყოთ:
პირველი – ლეღვის ფოთლები, რომლებიც დიდი სიხარულით ასრულებენ ქართული ოცნების ლეღვის ფოთლის როლს და ოპოზიციის ნიშანწყალიც აღარ შერჩათ;
მეორე ნაწილი – პარლამენტში შესული დეპუტატები, რომლებიც ისე არიან დაბღაუჭებულნი საკუთარ სკამს, რომ მათი აღლეტვა იქიდან წარმოუდგენელია, რადგან იციან, რომ მომდევნო პარლამენტში ვეღარ მოხვდებიან და ასეთები შეიძლება ვეძებოთ ყველა პარტიაში;
და მესამე ნაწილია მხოლოდ რეალური ოპოზიცია, რომელიც შეიძლება ყველა პარტიაში ვეძებოთ, გარდა ლეღვის ფოთლებისა. ეს, მესამე ნაწილი, გადაუდებელ აუცილებლობად თვლის ხელისუფლების ცვლილებას, მაგრამ მათი რესურსიც შეზღუდულია.”
ხათუნა ლაგაზიძის შეფასებით, ხელისუფლებაში არსებული გამოწვევების მიუხედავად, ოპოზიცია პოლარიზებულია და ნაკლებად ახერხებს საერთო მიზნის გარშემო აგერთიანებას
“ვხედავთ როგორც ზოგადად ოპოზიციაში, ასევე უშუალოდ პარტიებშიც გაორებას, რაც მათთვის პრობლემას ქმნის და ამიტომაც ასე გაყოფილი, ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მყოფი პარტიის წევრებითა და პარტიების ლიდერებით ეგებება თვითმმართველობის არჩევნებს ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი.
მიუხედავად იმისა რომ, ბოლო კვლევით, ქართულ ოცნებას იმდენად დაბალი რეიტინგი აქვს, როგორც არასდროს ხელისუფლებაში მოსვლიდან-დღემდე, და მიუხედავად იმისა, რომ ფაქტობრივად, საქართველოს, ბოლო 30 წლის განმავლობაში არ ახსოვს, იმ მასშტაბის გაყალბებული არჩევნები, რომ 15-18% დასჭირდეს სახელისუფლებო პარტიას, რეალურად აღებული ციფრიდან მიაღწიოს სასურველ პროცენტს – ანუ ასეთი მასშტაბის გაყალბება წარმოუდგენელია და სწორედ, ამან განაპირობა ქართული ოცნების მხრიდან ასეთ ვაბანკზე წასვლა, უარის თქმა მიშელის ხელშეკრულების შესრულებაზე – ამ ყველაფრის მიუხედავად, ქართული ოპოზიცია მაინც ძალიან სუსტად გამოიყურება.
საქართველოში, ყველა არჩევნებზე შეიძლება ითქვას, რომ იგებდა არა ხელისუფლება, არამედ აგებდა ოპოზიცია, ამჯერადაც ამ მოცემულობასთან გვაქვს საქმე.
საინტერესოა, რამდენად შეძლებს ოპოზიცია დასძლიოს საკუთარ პარტიებში არსებული წინააღმდეგობები და გააერთიანოს ამომრჩეველი იმ საერთო მიზნის გარშემო, რასაც ოცნებისთვის 43%-ის გამოგლეჯვა ჰქვია.” – განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ “კვირის თემაში” ნინი ხუგაშვილთან სტუმრობისას.