LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

OPIC წინანდალში ხუთვარსკვლავიან სასტუმრო „რედისონს“10 მილიონით დააფინანსებს

102

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე აშშ-ის მთავრობის განვითარების საფინანსო ინსტიტუტის, „უცხოეთის კერძო საინვესტიციო კორპორაციის” (OPIC) მმართველ დირექტორს მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსურ დარგში ქენეთ ენჯელს შეხვდა.

მხარეებმა ფონდისა და OPIC-ის ერთობლივი პროექტების შესახებ ისაუბრეს და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს. შეხვედრაზე მხარეებმა აშშ-ის განვითარების ბანკის მიერ წინანდალში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „რედისონის“ ფინანსირების საკითხი განიხილეს. OPIC-ის მმართველმა დირექტორმა ქენეთ ენჯელმა აღნიშნა, რომ „უცხოეთის კერძო საინვესტიციო კორპორაცია“ პროექტისთვის 10 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას გეგმავს.

ფონდში გამართულ შეხვედრაზე, ასევე განიხილეს „საპარტნიორო ფონდის“ ინვესტიცია ამერიკულ საინვესტიციო ფონდ Gazelle Finance-ში, რომელიც „საპარტნიორო ფონდისა“ და ამერიკული მხარის ინვესტიციებით შეიქმნა. მხარეებმა ისაუბრეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ღვინის ექსპორტის ხელშეწყობის ღონისძიებების შესახებ და საქართველოში OPIC-ის მონაწილეობით, ამერიკული საავადმყოფოების ოპერატორების შემოყვანის საკითხი განიხილეს. ამასთანავე, იმსჯელეს სხვადასხვა დარგში შესაძლო თანამშრომლობის შესახებ, კერძოდ, სამშენებლო მასალების წარმოებისა და სამაცივრე მეურნების განვითარების მიმართულებით.

„საპარტნიორო ფონდსა“ და აშშ-ის მთავრობის განვითარების ბანკს შორის გაფორმებულია ურთიერთანამშრომლობის ხელშეკრულება, რომელიც საქართველოში ამერიკული კაპიტალის მონაწილეობით, OPIC-ისა და „საპარტნიორო ფონდის“ მიერ პროექტების დაფინანსებას გულისხმობს. „საპარტნიორო ფონდი“ და „უცხოეთის კერძო საინვესტიციო კორპორაცია“ აქტიურად თანამშრომლობენ საქართველოს ეკონომიკაში ამერიკული კაპიტალის მონაწილეობის გასააქტიურებლად და ერთობლივად მუშაობენ ქართულ-ამერიკული პროექტების მოსაზიდად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები