LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

OPIC -მა ლიბერთი ბანკს 15 მლნ დოლარის სესხი დაუმტკიცა

204
70712563-2503712756528276-7424373849044549632-n

OPIC-სა (Overseas Private Investment Corporation) და ს.ს. „ლიბერთი ბანკს“ შორის ხელი მოეწერა დოკუმენტს, რომლის ფარგლებშიც ბანკი OPIC-ისგან მიიღებს 15 მილიონ აშშ დოლარს. ეს თანხა მოხმარდება ლიბერთი ბანკის ინფრასტუქტურის მოდერნიზაციას, რაც ასევე მოიცავს უახლესი მოდელის 500 ბანკომატის შეძენას. აღნიშნული პროექტი ხორციელდება ბანკის გაცხადებული სტრატეგიის ფარგლებში, რაც მიზნად ისახავს „ლიბერთი ბანკის“ ჩამოყალიბებას წამყვან, უნივერსალურ ბანკად საქართველოში.

2017 წელს ბანკის აქციონერების ცვლილებასთან ერთად, ახალმა გუნდმა ბიზნესის განვითარების ამბიციური სტრატეგია შეიმუშავა. ეს სტრატეგია მიზნად ისახავს:

  • ბანკის თანამშრომლების გადამზადებას და მათი პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებას, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს კლიენტების მომსახურების ხარისხს;
  • მომხმარებელზე ორიენტირებული საბანკო მომსახურების დანერგვას, როგორც საცალო, ასევე კორპორატიულ და მცირე და საშუალო ბიზნეს-სეგმენტებისთვის;
  • მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების დამყარებას წამყვან საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საუკეთესო გამოცდილების გაზიარებისა და დანერგვის მიზნით საქართველოში.

მენეჯმენტის გუნდი მიიჩნევს, რომ „ლიბერთი ბანკის“ ქსელის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც ასევე მოიცავს რთულად მისაწვდომ დასახლებულ პუნქტებს, ინკლუზიური საფინანსო სისტემის განმტკიცების საწინდარს წარმოადგენს.

„მოხარული ვართ OPIC-თან თანამშრომლობის დაწყებით. ეს თანამშრომლობა დიდი მიღწევაა „ლიბერთი ბანკისთვის“ და ჩვენი გუნდისთვის წარმოადგენს დამატებით სტიმულს დასახული  მიზნების მიღწევის გზაზე. ახალი თაობის ბანკომატების განთავსებით ჩვენს მომხმარებლებს შეეძლებათ ისარგებლონ ციფრული საბანკო მომსახურებით უწყვეტ რეჟიმში, ნებისმიერ დროს, მთელი ქვეყნის მასშტაბით“, – განაცხადა „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ლევან ლეკიშვილმა.

„მინდა მადლობა გადავუხადო OPIC-ს  გამოხატული ნდობისათვის და „ლიბერთი ბანკის“ გუნდს გაწეული ძალისხმევისთვის, რამაც საფუძველი ჩაუყარა ამ მნიშვნელოვანი თანამშრომლობის დაწყებას. პროექტის წარმატებით განხორციელება ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყანაში თანამედროვე და კონკურენტული ფინანსური სისტემის განვითარებას“, – განაცხადა ლიბერთი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი რუხაძემ.

„OPIC-ისთვის პატივია თანამშრომლობის დაწყება „ლიბერთი ბანკთან“. ეს თანამშრომლობა მიმართულია საქართველოში ფინანსური ინკლუზიურობის ხელშეწყობისკენ. OPIC-ის სესხი მიზნად ისახავს ფინანსური ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს საბანკო პროდუქტებისა და მომსახურების ხელმისაწვდომობას. ეს განსაკუთრებით აქტუალურია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის და ასევე, მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომელიც ამ ეტაპზე ნაკლებად სარგებლობს საბანკო სექტორის მომსახურებით“,- განაცხადა OPIC-ის მმართველმა დირექტორმა, კენეთ ენჯელმა.

ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის უწყვეტი მხარდაჭერის მნიშვნელოვნებას საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში.

ცნობისთვის:

OPIC არის ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის თვით ფინანსირებადი სააგენტო, რომელიც ხელს უწყობს ამერიკულ კომპანიებს განახორციელონ ინვესტიციები განვითარებად ბაზრებში. OPIC შეიქმნა 1971 წელს და  მას შემდეგ  იგი ხელს უწყობს  ბიზნესებს დააზღვიონ მათი პოლიტიკური რისკები,  ეკონომიკურ წინსვლას განვითარებად ბაზრებზე და ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების მიზნების მიღწევას აღნიშნულ ბაზრებზე. OPIC ეხმარება ამერიკულ კომპანიებს წამოიწყონ ბიზნესი განვითარებად ბაზრებში და დაიწყონ სტაბილური შემოსავლის გენერირება. OPIC-ს წვლილი შეაქვს ეკონომიკურ განვითარებაში, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისე მის ფარგლებს გარეთ. OPIC-ის მისიაა უზრუნველყოს ბიზნესების წვდომა ფინანსურ რესურსებზე, დააზღვიოს პოლიტიკური რისკები და მხარი დაუჭიროს პირდაპირი ინვესტიციების ფონდებს.

OPIC-ის დაფინანსება ხელმისაწვდომია არსებული და განვითარებადი ბიზნესებისთვის, რომლებიც მიზნად ისახავენ ინვესტიციების განხორციელებას 160-ზე მეტ ქვეყანაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. OPIC სთავაზობს ფინანსირებას საბაზრო პირობებზე. სწორედ ამის გამო OPIC არის თვით ფინანსირებადი ორგანიზაცია და სახელმწიფო დაფინანსებაზე არ არის დამოკიდებული. OPIC-ის ყველა პროექტი ხორციელდება უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და არ იწვევს სამუშაო ადგილების შემცირებას ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ლიბერთი ბანკი“ კი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია. ბანკის აქტივები 2 მლრდ ლარს შეადგენს, დასაქმებულია 4 500-ზე მეტი თანამშრომელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 550 ბანკომატით და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ მომხმარებელს. დამატებითი ინფორმაციისთვის: www.libertybank.ge  მედია კონტაქტი: [email protected] 

R

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები