საქართველო ყველაზე წარმატებულ პარტნიორად მიგვაჩნია, რადგან ეკონომიკა ღია და გახსნილია ბიზნესის კეთებისთვის, – ამის შესახებ OPIC-ის პრეზიდენტმა რეი უოშბერნმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, კაპიტალდაბანდებისთვის OPIC-ი ამჟამად რამდენიმე პორტის თემას განიხილავს.
„სამაცივრე მეურნეობებშიც გვსურს ინვესტიციების განხორციელება. საქართველოში საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებითაც გვსურს საქმიანობის განვითარება. ამდენად, ძალიან აქტიურნი ვართ. ამჟამად სამომავლო პროექტები განიხილება და ძალიან გვახარებს ქვეყნის მიერ მიღწეული წინსვლა და ეკონომიკური ზრდის პერსპექტივები. ჩვენი პრიორიტეტებია ლოგისტიკა და საქართველოს ვაჭრობისა და პორტების ცენტრად მივიჩნევთ. ეს თემა ჩვენთვის ძალიან აქტუალურია. ლოგისტიკა, ტურიზმი, საქონლის ტრანსპორტირების ცივი ჯაჭვი, სამაცივრე მეურნეობები. მიგვაჩნია, რომ ეს აგრარულ სექტორსაც და ექსპორტსაც წაადგება”, – განაცხადა რეი უოშბერნმა.
მისი თქმით, პრემიერისგან მიიღო ინფორმაცია ტურიზმის მზარდი ციფრების შესახებ. შესაბამისად, იზრდება სასტუმროებზე მოთხოვნაც და როგორც მან აღნიშნა, OPIC-ი ამ მიმართულებითაც იაქტიურებს.