“კონსტანტინე ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნული ცენტრის” ორგანიზებით, მორიგი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა, რომლის მთავარი თემაც „ონკოლოგია და ბირთვული მედიცინა“ იყო. ღონისძიება შეკვეთილში, პარაგრაფ რეზორტში ჩატარდა.
საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა ბირთვული მედიცინის ქართველმა პროფესორებმა და უცხოელმა სპეციალისტებმა მიიღეს. მოწვეულმა ექიმებმა სამედიცინო საზოგადოებას წარუდგინეს მოხსენებები სხვადასხვა ონკოდაავადების დიაგნოსტირება-მკურნალობაში ბირთვული მედიცინის, პოზიტრონულ-ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფიის (პეტ/კტ) მნიშვნელობისა და რადიაციულ ონკოლოგიაში მიღწეული მკურნალობის მეთოდების შესახებ.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის მთავარი მისია მედიცინაში ულტრათანამედროვე, ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა, მკურნალობის ხარისხის გაუმჯობესება და საზოგადოებაში ონკოლოგიური დაავადებების შესახებ ცნობადობის ამაღლებაა.