უკრაინისთვის, საქართველოსთვის, თავისუფლებისთვის…
18 მარტს, უკრაინაში გმირულად დაღუპულ ორ ქართველ მებრძოლს – დავით რატიანსა და გია ბერიაშვილს დღეს დილით საქართველოში მოქალაქეები აეროპორტთან დახვდნენ. დახვდნენ მუხლმოდრეკილები, უკრაინისა და საქართველოს დროშებით და სანთლებით ხელში – მადლიერებისა და პატივის ნიშნად.
ომს შეწირულ ქართველ გმირებს ოჯახის წევრებთან, ახლობლებთან და მეგობრებთან ერთად პატივი მიაგეს რიგითმა მოქალაქეებმა, პოლიტიკოსების ნაწილმა და ქვეყნის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
ამ ეტაპზე უცნობია, როდის მოხერხდება უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი მებრძოლის, ბახვა ჩიქობავას საქართველოში გადმოსვენება, რადგან მისი ცხედარი ამ დროისთვის ქვეყნის ყველაზე ცხელ წერტილში – მარიუპოლშია დასვენებული.
დავით რატიანსა და გია ბერიაშვილს სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
გია ბერიაშვილის ცხედარი დილით, თბილისის ზღვის სასაფლაოზე მდებარე მარიამ ეგვიპტელის სახელობის ტაძარში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი იმართება.
დავით რატიანის ცხედარი ოჯახის სურვილისამებრ სახლში გადაასვენეს, ხვალ კი ქაშუეთის ეკლესიაში დაასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.
დავით რატიანი და გია ბერიაშვილი ომში, უცხოელ მოხალისეთა რაზმში, უკრაინის მხარეს იბრძოდნენ.
მებრძოლების დაღუპვის შესახებ ინფორმაცია 18 მარტს გავრცელდა – ირპენისთვის ბრძოლის დროს დანაყოფს რუსმა სამხედროებმა ცეცხლი ნაღმსატყორცნებიდან გაუხსნეს. აფეთქების დროს დავით რატიანი ადგილზე დაიღუპა. გია ბერიაშვილის თანამებრძოლი, უკრაინელი ჟურნალისტი ალექსეი ბობრონიკოვი იხსენებს, რომ ის სიცოცხლის ბოლო წუთამდე იბრძოდა.
იმავე საღამოს, საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ უწყებამ მებრძოლების სამშობლოში გადმოსვენებისთვის შესაბამისი პროცედურები დაიწყო. მებრძოლები ლვოვში, ლვოვიდან კი პოლონეთის გავლით სამშობლოში გადმოასვენეს.
“დაჭრილების გამოსაყვანად დროზეო – დაგვიძახეს და, რა იცი, რა ხდება, იქნებ, ბოლო სურათია ჩვენთვის, გადავიღოთო. სახეზე კი გვაწერია, რა ხასიათზეც ვართ, ვერ ვუშველეთ…” გია ბერიაშვილთან და დავით რატიანთან ერთად მებრძოლმა ნოდო სიმონიშვილმა, მათთან გადაღებული უკანასკნელი ფოტო გამოაქვეყნა.
გია ბერიაშვილის და დავით რატიანის სულისკვეთების, თავგანწირვის და წარსულში გადატანილი ბრძოლების შესახებ საზოგადოებისთვის სწორედ მათი დაღუპვის შემდეგ გახდა ცნობილი.
ომს შეწირული გმირი – გია ბერიაშვილის ომში წასვლის შესახებ არავინ იცოდა
პოლკოვნიკი გია ბერიაშვილი უკრაინაში, უცხოელ მოხალისეთა ლეგიონს ისე შეუერთდა, რომ ამის შესახებ არავინ იცოდა.
წარსულში გამოცდილი მებრძოლი სასწრაფოდ გაემგზავრა უკრაინაში, როცა რუსეთმა საომარი მოქმედებები დაიწყო.
მანამდე კი, 28 წლის წინ, მუხროვანის ბრიგადაში დაიწყო მსახურება. შემდეგ, 2008 წლის აგვისტოს ომში რუსებს ებრძოდა.
პოლკოვნიკი პენსიაზე 2020 წლის დასაწყისში გავიდა.
უკრაინაში გამგზავრებამდე ინგლისში იმყოფებოდა – ომის დაწყების შემდეგ კი საქართველოში დაბრუნდა და უკრაინაში გასამგზავრებლად დაიწყო მზადება.
გია ბერიაშვილის მეუღლე მასზე ამბობს, რომ იყო ნამდვილი პატრიოტი, რომელიც ფიქრობდა, რომ ეს არ იყო მხოლოდ უკრაინის ომი.
როგორც მებრძოლის მეუღლე აღნიშნავს, ოჯახმა სწორედ გარდაცვალების დღეს შეიტყო, რომ გია ბერიაშვილი ირპენში იმყოფებოდა:
“ოჯახის წევრებთან უკრაინაში გამგზავრებაზე არ უსაუბრია. 5 მარტს ჩუმად, სრულიად მარტო წავიდა, არც მეგობრებმა იცოდნენ.
გავიგეთ მაშინ, როდესაც პოლონეთის საზღვარზე ჩავიდა, გვეუბნებოდა, რომ საზღვარზე მოქალაქეებს ეხმარებოდა, მისი ბრძოლის ველზე ყოფნის შესახებ გავრცელებული ფოტოთი შევიტყვეთ“, – ამბობს ქეთი ხელაძე.
“სულისკვეთებით გამორჩეული, ძლიერი მებრძოლი 2008 წელსაც იბრძოდა, საქართველოში ინგლისიდან სპეციალურად ჩამოვიდა და უკრაინაში ისე წავიდა, ოჯახში არაფერი თქვა”, – ჰყვება ბერიაშვილის ახლობელი.
ბერო – ასე მოიხსენიებს გია ბერიაშვილს თავის ცნობილ წერილში მისი თანამებრძოლი, უკრაინელი ჟურნალისტი ალექსეი ბობრონიკოვი და წერს, რომ ბერო სიცოცხლისთვის ბოლო წუთამდე იბრძოდა.
გია ბერიაშვილს ჰყავს ერთი ქალიშვილი მარიამ ბერიაშვილი, რომელიც სოციალურ ქსელში წერს:
“როგორ დამტოვე მარტო ამ ბოროტ სამყაროში, მე ხომ მხოლოდ შენი იმედი მქონდა, ჩემი საყრდენი იყავი.
ჩემი გმირი იყავი და ხარ მა”.
“გმირულად ცხოვრობდა და გმირულად დაიღუპა! – ძლიერი, თავმდაბალი, მოწესრიგებული და კეთილი დავით რატიანი”
უკრაინაში დაღუპულ ქართველ გმირებთან ერთად მებრძოლმა ჟურნალისტმა, ალექსეი ბობრონიკოვმა პირობა დადო, რომ ერთხელ აუცილებლად დაწერს დავით რატიანზე – მეგობარზე, რომელმაც სიკვდილისგან იხსნა და კაცზე, რომელმაც ბევრი რამ ასწავლა.
მანამდე კი, ჟურნალისტის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ჩანაწერიც საკმარისი აღმოჩნდა საზოგადოებისთვის, უფრო მეტი გაეგო 18 მარტს, უკრაინაში დაღუპულ 53 წლის გმირზე.
გმირზე, რომელიც აფხაზეთში ცხოვრობდა და აფხაზეთის ომის შემდეგ, კიდევ ერთი სამშობლო დაკარგა.
დავით რატიანი ანტიოკუპაციური მოძრაობის “ძალა ერთობაშია” წევრი იყო. გია ბერიაშვილის მსგავსად, უკრაინაში რატიანიც უცხოელ მოხალისეთა ლეგიონში იბრძოდა.
17 მარტს ისიც ირპენში, ოცეულის სადაზვერვო ბრძოლაში მონაწილეობდა.
უკრაინელი თანამებრძოლი იხსენებს, რომ ფრანგ ჯარისკაცს, რომელსაც ფეხი ჰქონდა დაზიანებული, რატიანი პუნქტამდე მისვლაში დაეხმარა. შემდეგ კი, აფეთქებამდე… რატიანმა “რამდენიმე ოკუპანტიც წაიყვანა თან”:
“დათო რატიანი ჩემი ახლო მეგობარი გახდა. სწორედ მან გადამარჩინა სიკვდილს. გმირულად ცხოვრობდა და გმირულად დაიღუპა.
აფეთქების შედეგად დათო ადგილზე დაიღუპა. დათო ძლიერი, მშვიდი, თავმდაბალი, მოწესრიგებული და კეთილი იყო.
დათო რატიანი მესტიელი სვანია, რომელიც აფხაზეთში ცხოვრობდა და აფხაზეთის ომის შემდეგ, კიდევ ერთი სამშობლო დაკარგა.
ახლა მის შესახებ მშრალად ვწერ. დათოზე ალბათ კიდევ დავწერ – კაცზე, რომელმაც ბევრი რამ მასწავლა, იმ რამდენიმე თვის განმავლობაში, რომელიც ჩვენი გაცნობიდან ფრონტზე ერთობლივ გასვლამდე იყო – სამაჩაბლოსა და აფხაზეთის დემარკაციის ხაზიდან ჩემს მშობლიურ კიევამდე.
დათო ბოლო ბრძოლაში გუშინ დილით, დილის ხუთ საათზე წავიდა. ბოლომდე ერთად ვიყავით. დათო. გმადლობთ, რომ ჩემს გვერდით იყავით, გმადლობთ, რომ იყავით”, – წერს ალექსეი ბობრონიკოვი.
53 წლის დავით რატიანს მეუღლე და 4 შვილი დარჩა, მათგან 2 მცირეწლოვანია.
ქართველ გმირებს – დავით რატიანსა და გია ბერიაშვილს სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
ხვალ მათ ქაშუეთის ტაძარში გადაასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.
2014 წლიდან მარიუპოლში – ომს შეწირული კიდევ ერთი ქართველი მეომარი ბახვა ჩიქობავა
19 მარტს, რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებულ აგრესიას კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი – 55 წლის ბახვა ჩიქობავა შეეწირა.
ჩიქობავა უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში, მარიუპოლში იბრძოდა. სწორედ მარიუპოლში არსებული რთული ვითარებაა ის მიზეზი, რის გამოც უცნობია, როდის მოხერხდება მებრძოლის სამშობლოში გადმოსვენება.
გმირი, რომელიც სულ ქვეყნის სამსახურში იყო, დაღუპვამდე სამი კვირის განმავლობაში, უკრაინის მიწაზე რუსებს ებრძოდა.
მანამდე, ბახვა ჩიქობავა 2012 წლამდე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს ხელმძღვანელი იყო.
საქართველოს ომის მონაწილე ბახვა ჩიქობავა 2014 წლიდან მარიუპოლში წავიდა. ბოლო წლებიდან ის უკრაინაში, აზოვის ბატალიონში ირიცხებოდა.
მებრძოლი პარლამენტის ყოფილი წევრის, ხათუნა ხოფერიას ძმაა.
მეგობრები ჩიქობავას დიდებულ მებრძოლს და თავგანწირულ მეომარს უწოდებენ.
“ბახვაზე ძალიან მშვიდად ვიყავი, ისეთი დიდებული მებრძოლი იყო. აი, ომში რომ ხარ ასეთ კაცთან ერთად და რომ არ გეშინია, ასეთი იყო! ყველაზე ცხელ წერტილში, მარიუპოლში იბრძოდა! გმირულად, თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაიღუპა ჩემი საამაყო მეგობარი ბახვა ჩიქობავა”, – წერს ნინო ორდენიძე.
“ჩვენი უმაგრესი, უვაჟკაცესი, უკარგესი ბიჭი. სამი კვირა 24 საათი სულ ბრძოლაში იყო. მანამდე – 2014 წლიდან სულ მარიუპოლში. მანამდე – სულ ჩვენი ქვეყნის სამსახურში, სპეცდანიშნულების რაზმის მეთაური. მერე – ნაძირალა ქოცებისგან დევნილი, შეთითხნილი ბრალდებით დაკავებული, იძულებით გათავისუფლებული, მუდმივ წნეხში მყოფი ოჯახით, მიგზავნებით – ჩამოვიდეს, იქ ნუ ომობს.
ვერც ხვდებოდნენ, რანაირ ბიჭზე იყო საუბარი. ბახვა ჩიქობავა აღარ არის, მაგრამ, ის სულ იქნება, სულ, ჩვენს გულებში, თავის შვილებში, შვილიშვილებში, მადლიერ უკრაინელებში, ქართველებში. ის საქართველოს მეომარი იყო. პატივი მივაგოთ მას”, – დაწერა გივი თარგამაძემ.