განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, სკოლის მოსწავლეები, რომლებიც უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად, ვერ ახერხებენ უკრაინის სკოლებში ზოგადი განათლების მიღების გაგრძელებას და გამოხატავენ სურვილს, რომ სწავლა გააგრძელონ საქართველოში, სკოლებში გამარტივებული წესით ჩაირიცხებიან.
განათლების სამინისტროს განცხადებით, საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ სკოლას. უკრაინიდან ჩამოსულ მოსწავლეებს, სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველო შესთავაზებს საჯარო და კერძო სკოლებში სწავლას როგორც სახელმწიფო, ასევე, სხვა ენებზე.
“აღსანიშნავია, რომ დღეისათვის მოქმედი რეგულაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც სურს საქართველოს სკოლაში სწავლის გაგრძელება, საკუთარ ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების მიზნით, განაცხადით უნდა მიმართოს საქართველოს ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და წარმოადგინოს სხვადასხვა ტიპის დოკუმენტაცია. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილებით, აღნიშნული რეგულაცია უკრაინიდან ჩამოსულ მოსწავლეებზე არ ვრცელდება და ისინი გამარტივებული წესით შეძლებენ საქართველოში სწავლის გაგრძელებას”, — წერია განცხადებაში.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მომავალი კვირიდან თბილისის ბაგა-ბაღები უკრაინის მოქალაქე ბავშვების მიღებას შეძლებენ. მისივე თქმით, მათ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში მიღებისას პრიორიტეტი მიენიჭებათ.