“ომიკრონის” გავრცელების საგანგაშო სტატისტიკის ფონზე, მკვლევრები ცდილობენ, უფრო და უფრო მეტი მტკიცებულება წარმოადგინონ – რომ ეს შტამი, მის წინამორბედებთან შედარებით ნაკლებად კლავს.
სწორედ ასეთ შედეგს აჩვენებს ერთ-ერთი ახალი კვლევა, რომელიც დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) დაფინანსებით კალიფორნიაში ჩატარდა.
როგორც New York Post წერს, კვლევის მიხედვით, “ომიკრონის” შტამი, “დელტასთან” შედარებით, დაინფიცირებულს 91%-ით ნაკლებად კლავს.
მკვლევრები აცხადებენ, რომ ომიკრონით ინფიცირების შემთხვევაში, სერიოზული ავადმყოფობის რისკი არსებითად არის შემცირებული, სიკვდილის ალბათობა კი “დელტასთან” შედარებით, 91 პროცენტამდეა.
კვლევის შედეგები ოთხშაბათს გამოქვეყნდა. ცდისპირი 70 000-მდე ინფიცირებული იყო – აქედან 52 297 ადამიანი “ომიკრონის” შტამით, 16 982 კი “დელტათი” დაავადებული.
პაციენტების მდგომარეობაზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ “ომიკრონით” ინფიცირებულებიდან ნახევარზე მეტს, “დელტა” შტამით დაავადებულებთან შედარებით, ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირდა.
ამავე კვლევის მიხედვით, “ომიკრონით” დაავადებულებში, 75 პროცენტით ნაკლები იყო ინტენსიური თერაპიის საჭიროება.
ასევე, “ომიკრონით” ინფიცირებული პაციენტები, რომლებიც საავადმყოფოში მკურნალობდნენ, სამედიცინო დაწესებულებაში 70%-ით ნაკლებ დროს ატარებდნენ და ბინაზე უფრო მალე ეწერებოდნენ.
კვლევის ავტორების განცხადებით, “ომიკრონით” ინფიცირებული ცდისპირიდან არც ერთს არ დასჭირვებია ვენტილაციის აპარატი, მაშინ როდესაც “დელტათი” ინფიცირებულებიდან ასეთი დახმარება 11 პაციენტს აღმოუჩინეს.
“რაც ყველაზე გამამხნევებელია, ომიკრონით ინფიცირებული 52 297 ადამიანიდან მხოლოდ ერთი გარდაიცვალა, მაშინ როდესაც “დელტათი” დაავადებული 16 982 პაციენტიდან ლეტალური შედეგი 14 შემთხვევაში დადგა” – წერს გამოცემა.
თუმცა გამოქვეყნებულ ანგარიშში არ არის მითითებული, რა ასაკის იყვნენ გარდაცვლილები, ან იყვნენ თუ არა აცრილები.
როგორც CDC-ის დირექტორმა როშელ ვალენსკიმ განაცხადა, ასეთი შედეგები, სავარაუდოდ მეტყველებს იმაზე, ბოლო პერიოდში, სიკვდილიანობის ზრდა “დელტას” ვარიანტის ეფექტია და არა “ომიკრონის”:
”ჩვენ შეიძლება დავინახოთ სიკვდილი ომიკრონისგან, მაგრამ მე ვეჭვობ, რომ სიკვდილი, რომელსაც ახლა ვხედავთ, კვლავ გამოწვეულია “დელტასგან”, – აღნიშნა მან.
ვალენსკი, დამაიმედებელი პროგნოზების მიუხედავად, კვლავ აფრთხილებს სამედიცინო საზოგადოებას, რომ შედეგებმა თვითკმაყოფილება არ უნდა გამოიწვიოს, რადგან ომიკრონის სწრაფი გავრცელების უნარი კვლავ საფრთხეს უქმნის ჯანდაცვის ისედაც გადავსებულ სისტემებს.