LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ომეგა ჯგუფი“ ფარულ ჩანაწერებზე უცხოეთში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნებს ასაჯაროებს

80

„ომეგა ჯგუფი“ ფარულ ჩანაწერებზე უცხოეთში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნებს ასაჯაროებს. „ომეგა ჯგუფის“ განცხადების მიხედვით, მათ კიბერუსაფრთხოებისა და ციფრული სამართლებრივი ექსპერტიზის ბრიტანული კომპანია „საიფორ-იდან“ მიიღეს კიდევ ორ აუდიოჩანაწერზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა. ერთი ჩანაწერი მოიცავს ზაზა ოქუაშვილის, ირაკლი ჩუბინიშვილისა და ვანო ჩხარტიშვილის საუბარს, ხოლო მეორე ჩანაწერი – ლევან ყიფიანისა და „ომეგას“ მენეჯერების საუბარს.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე „ომეგა ჯგუფის“ გენერალურმა მენეჯერმა, ლევან აღდგომელაშვილმა განაცხადა, პირველ აუდიოჩანაწერში საუბარია საერთო კომპანიის შექმნაზე, სადაც ერთ-ერთ მეწილედ შედიოდა ე.წ. ფონდი, რომელსაც ირაკლი ჩუბინიშვილი განმარტავდა, როგორც პარტიას.

„პირველი აუდიოფაილის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით დადგინდა, რომ აუდიოფაილი შედგება სხვადასხვა სექციისგან აღებული ერთი ვრცელი აუდიოფაილიდან, რომლის ჩაწერაც მიმდინარეობდა უწყვეტად. შესაბამისად, ვანო ჩხარტიშვილისა და მისი ადვოკატის განცხადება, რომ თითქოს ეთერში გასულ აუდიოჩანაწერში დამონტაჟებულია 6 სხვადასხვა შეხვედრის საუბარი, სიმართლეს არ შეესაბამება,“ – განაცხადა ლევან აღდგომელაშვილმა.

აღდგომელაშვილის თქმით, რაც შეეხება მეორე ფაილს, ის მოიცავს საუბარს, რომელიც შედგა ლევან ყიფიანსა და „ომეგას“ მენეჯერს შორის, სადაც „ომეგას“ გადასახედების რესტრუქტურიზაციის მისაღებად ლევან ყიფიანი ითხოვს 30 მილიონის გარკვეულ პროცენტს და, ასევე, ავტომობილებს იმჟამინდელი ფინანსთა მინისტრისა და ვიცეპრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილისთვის.

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აუდიოჩანაწერი შედგება სამი სექციისგან, რომლებიც აღებულია ერთი უწყვეტი ჩაწერით მიღებული აუდიოფაილიდან. ამ აუდიოფაილის მონაცემების დამუშავების შედეგად დგინდება, რომ ლევან ყიფიანსა და „ომეგას“ მენეჯერებს შორის საუბარი შედგა 2017 წლის 26 აპრილს.

„ექსპერტიზის მიერ დადასტურებულია ჩანაწერების ავთენტურობა: პირველი – ვანო ჩხარტიშვილის, ირაკლი ჩუბინიშვილისა და ზაზა ოქუაშვილის საუბარი, რომლის დროსაც ირაკლი ჩუბინიშვილი ზაზა ოქუაშვილს უხსნის საერთო კომპანიის შექმნის სქემას, უჩა მამაცაშვილის როლს ამ საქმეში, ასევე განმარტავს, რომ ფონდი, ანუ პარტია, შემოდიოდა საერთო კომპანიაში 50%-იანი წილის მფლობელად და ასევე, დანიშნავდა ფინანსურ დირექტორს, ხოლო ვანო ჩხარტიშვილი კი აკონკრეტებს, რომ ამ სქემის დროული შექმნით დაინტერესებულია უფროსი მეგობარი, შედგა ერთ დღეს და ეთერში გასული აუდიოჩანაწერი შედგება ერთ დღეს უწყვეტი ჩაწერის შედეგად მიღებული ადიოფაილის სხვადასხვა სექციისგან,“ – განაცხადა აღდგომელაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები