LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომბუდსმენი: უკიდურესად შემაშფოთებელია პარლამენტის წევრების მიერ ინიცირებული კანონის პროექტი, რომლითაც დაჩქარებული წესით უქმდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

69
ნინო ლომჯარია

„საქართველოს სახალხო დამცველისთვის უკიდურესად შემაშფოთებელია საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ ინიცირებული კანონის პროექტი, რომლითაც დაჩქარებული წესით უქმდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. კანონპროექტი მომზადებულია გაუმჭვირვალედ და დაინტერესებულ მხარეებთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე“, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს კონსტიტუციასთან, ადამიანის უფლებებთან წინააღმდეგობაში მოდის და მიზნად ისახავს დამოუკიდებელი ინსტიტუტის საქმიანობაში ჩარევას. ომბუდსმენმა საქართველოს პარლამენტის წევრებს მოუწოდა, თავი შეიკავონ კანონის პროექტის მიღებისგან.

„საქართველოს სახალხო დამცველისთვის უკიდურესად შემაშფოთებელია საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ ინიცირებული კანონის პროექტი, რომლითაც დაჩქარებული წესით უქმდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. კანონპროექტი მომზადებულია გაუმჭვირვალედ და დაინტერესებულ მხარეებთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე. მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან, ადამიანის უფლებებთან და მიზნად ისახავს დამოუკიდებელი ინსტიტუტის საქმიანობაში ჩარევას.

ინიცირებული კანონის პროექტის მთავარი ხარვეზი არის სახელმწიფო ინსპექტორის, მისი მოადგილეებისა და თანამშრომლების თანამდებობიდან გათავისუფლება. ამ ტიპის მოწესრიგება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლს და არღვევს საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით არასათანადო მოპყრობის აკრძალვისა და პირადი ცხოვრების უფლებებიდან მომდინარე პოზიტიურ ვალდებულებებს,“ – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

ომბუდსმენის განმარტებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, დამოუკიდებელი ორგანოს უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა მხოლოდ საგამონაკლისოდ შეიძლება, როდესაც ეს ქმედება შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მიღწევის აუცილებელ და ერთადერთ ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის არსის განმსაზღვრელი ელემენტი ხელისუფლების აღმასრულებელი ან/და საკანონმდებლო შტოსგან მისი დამოუკიდებლობის ხარისხია, ეს კი შეიძლება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში შეიზღუდოს სამსახურის მართვის გაუმჯობესების ლეგიტიმური მიზნით.

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ასეთ განსაკუთრებულ შემთხვევას მხოლოდ მაშინ შეიძლება ჰქონდეს ადგილი, როდესაც მოქმედი ნორმები იმდენად ხარვეზიანია, რომ ამა თუ იმ სახელმწიფო თანამდებობის მიზანს და დანიშნულებას ეწინააღმდეგება და მათი შეცვლა გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს. ამ ტიპის შემთხვევასთან რომ არ გვაქვს საქმე, იმითაც დასტურდება, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მომწესრიგებელი კანონმდებლობა ფაქტიურად არ იცვლება ინიცირებული კანონის პროექტით.

ცალკე აღნიშვნის ღირსია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რიგითი პროფესიული თანამშრომლების თანამდებობიდან გათავისუფლების შემოთავაზებული პროცედურა, რომელიც ითვალისწინებს დღეს არსებული წესისგან განსხვავებულ რეგულირებას, რაც აშკარად უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს მათ სხვა საჯარო მოხელეებთან და დისკრიმინაციულია თავისი შინაარსით. პროფესიული საჯარო მოხელეებისსამსახურებრივი გარანტიები მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის. განსაკუთრებით გვსურს აღვნიშნოთ, რომ საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ჩამოყალიბდა იმ ტიპის დამოუკიდებელ სახელმწიფო ორგანოდ, რომელიც ეფექტურად და გამჭვირვალედ ახორციელებს მასზე დაკისრებულ უფლებამოსილებებს,“- აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

მისი თქმით, 2019 წლის 1 ნოემბრის შემდეგ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აქტიურად აკვირდებოდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობას, ითხოვდა ინფორმაციას მიმდინარე რეჟიმში და სწავლობდა სისხლის სამართლის საქმეებს. როგორც ომბუდსმენმა ბრიფინგზე აღნიშნა,  ანგარიშებში აპარატი ყოველთვის საუბრობდა იმის შესახებ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებები აკმაყოფილებდა დროულობის, დეტალურობისა და ზედმიწევნითობის მოთხოვნებს.

„ჩვენ, როგორც საპარლამენტო ზედამხედველობის ორგანო, მზად ვართ მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ საქართველოს პარლამენტს საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის საქმიანობასთან დაკავშირებით. ჩვენი დაკვირვების შედეგები ცხადყოფს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, არათუ დაყოფა, არამედ პირიქით გაძლიერება სჭირდება როგორც საკანონმდებლო, ისე საბიუჯეტო მიმართულებით.

საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონის პროექტი არ გვთავაზობს რამე შინაარსობრივ სიახლეს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ადგილზე იქმნება 2 ახალი ორგანო და მხოლოდ მიზერულად იზრდება საგამოძიებო იურისდიქცია. ამავდროულად, საქართველოს პროკურატურაზე დამოკიდებულების კუთხით არ არის რამე სიახლე შემოთავაზებული (რაც ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა დღესდღეობით). ამის საწინააღმდეგოდ, კანონპროექტის მიხედვით პროკურატურის თანამშრომლები აღარ მოექცევიან სამსახურის საგამოძიებო მანდატის ქვეშ.

განსაკუთრებულად საგანგაშოა კანონპროექტის დაჩქარებულად განხილვა. პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, ამ ტიპის პროცედურით შესაძლებელი ხდება კანონპროექტის მიღება სამივე მოსმენით 1 კვირაში. როდესაც საკითხი ეხება დამოუკიდებელი ინსტიტუტის გაუქმებას, რომელიც გამართულად და ეფექტიანად საქმიანობს და იმ პირობებში, რომ არცერთ დაინტერესებულ მხარესთან და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოსთან (მათ შორის სახალხო დამცველთან) არ მომხდარა წინასწარი კონსულტაცია, ნათელია, რომ საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი დამოუკიდებელ ორგანოს საქმიანობაზე ზეგავლენის მოხდენაა.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის წევრებს, თავი შეიკავონ კანონის პროექტის მიღებისგან. პარალელურად მოვუწოდებთ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს – მათ ხელთ არსებული შესაძლებლობების გათვალისწინებით, მაქსიმალურად ჩაერთონ ამ პროცესში, რათა თავიდან იქნას აცილებული იმ ტიპის კანონის პროექტის მიღება, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვას გააუარესებს. გამომდინარე იქიდან, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოს გაუქმების სრულიად უპრეცედენტო შემთხვევასთან გვაქვს საქმე, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს გამოიყენოს მის ხელთ არსებული მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტისთვის მიმართვის ან/და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობა”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

კელი დეგნანი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივაზე – ვთხოვთ პარლამენტს, „დააპაუზოს“ და შეანელოს პროცესი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები