LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომბუდსმენი ბაღში “ქორწინებას” ეხმაურება და სასწრაფო რეაგირებას მოითხოვს

175

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ 56-ე ბაგა-ბაღში დადგმული “ქორწინების” სცენა და აღმზრდელობითი პროცესის ამგვარად წარმართვა ბავშვის ცნობიერების ფორმირებაზე მავნე ზეგავლენას ახდენს. უჩა ნანუაშვილმა განცხადება გაავრცელა.

გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენცია ბავშვის დაცვისა და მისი კეთილდღეობის უზრუნველყოფის უმთავრეს პრინციპად ბავშვის მიმართ ნებისმიერი ქმედების განხორციელებისას, მისი ჭეშმარიტი, საუკეთესო ინტერესების სრულ გათვალისწინებას აღიარებს. ხოლო სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს ბავშვის შესაბამისი დაცვა და მისი საუკეთესო ინტერესების რეალიზება.

ამავე კონვენციის 29–ე მუხლით დაცულია ბავშვის უფლება, რომ მისი განათლება მიმართული იყოს ბავშვის პიროვნების, მისი ნიჭის, გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების განვითარებისკენ. განათლებამ უნდა მოამზადოს ბავშვი  თავისუფალ საზოგადოებაში აქტიური ცხოვრებისათვის.

შესაბამისად, სკოლამდელ დაწესებულებებში მიმდინარე სააღმზრდელო თუ საგანმანათლებლო პროცესი უნდა ემსახურებოდეს ბავშვის ჰარმონიულ განვითარებას და   შეესაბამებოდეს მის ასაკობრივ საჭიროებებსა და შესაძლებლობებს.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს თბილისის ბაგა–ბაღების მართვის სააგენტოს, დაუყოვნებლივი რეაგირება მოახდინოს თბილისი 56-ე საბავშვო ბაგა-ბაღის ღონისძიებაზე. ასევე, სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებს, იხელმძღვანელონ სკოლამდელი აღზრდის სტანდარტებით და ბავშვის სააღმზრდელო პროცესი წარმართონ მისი ასაკისა და განვითარების შესაბამისად, გაეროს ბავშვის  უფლებათა კონვენციის ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით.