LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოლაფ შოლცი: ჩვენი საერთო მიზანი ევროპაში ომის თავიდან აცილებაა

58
60705733-303

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ბერლინში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას უმასპინძლა.

გერმანიის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია რომ ლიდერები რუსეთს უკრაინის საზღვარზე სიტუაციის დეესკალაციისკენ და დიალოგში ჩართვისკენ მოუწოდებენ.

„ისინი ხაზს უსვამენ, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ შემდგომ სამხედრო აგრესიას უზარმაზარი შედეგები და მძიმე საფასური ექნება,“- აცხადებენ გერმანიის მთავრობაში.

ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ ნატოს მოკავშირეები უკრაინის ირგვლივ შექმნილი სიტუაციის შეფასებაზე თანხმდებიან.

„ჩვენი საერთო მიზანი ევროპაში ომის თავიდან აცილებაა. უკრაინის საზღვარზე რუსული ძალების განლაგება ძალზე შემაშფოთებელია და ვითარების შესახებ ჩვენი შეფასებები თითქმის ერთნაირია. უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევა მიუღებელია და ამას შორსმიმავალი შედეგები ექნება პოლიტიკურად, ეკონომიკურად და რა თქმა უნდა, გეოსტრატეგიულადაც“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ ხაზი გაუსვა, რომ გერმანია, პოლონეთი და საფრანგეთი არ შეაჩერებენ ძალისხმევას მოსკოვსა და კიევს შორის დაძაბულობის დეესკალაციისთვის.

„ჩვენ უნდა ვიპოვოთ გამოსავალი ომის თავიდან ასაცილებლად. ამჟამად ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა. მჯერა, რომ ამას მივაღწევთ. ჩემი აზრით, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ერთიანობა და სოლიდარობაა,“- აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მოსკოვთან უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებების დაწყების აუცილებლობაზე ისაუბრა.

„ჩვენ ერთად უნდა ვიპოვოთ გზები და საშუალებები რუსეთთან დიალოგში ჩასართავად“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები