ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებათა პროექტზე იმსჯელა, რომლის მიხედვითაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები მიმდინარე წელს მნიშვნელოვნად იზრდება (ასიგნება ფისკალური წლის განმავლობაში ბიუჯეტით გათვალისწინებული მოცულობის ფარგლებში გადახდის განხორციელების უფლებამოსილებაა).
ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი კაკაურიძის თქმით, 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 431 მილიონი ლარით იზრდება, საიდანაც 250 მილიონი ლარი ჯანდაცვის სამინისტროს დამატებით ასიგნებებში მიემართება. დამატებითი თანხები ნაწილდება შემდეგ ძირითად მიმართულებებზე: პენსიები (75 მილიონი ლარის დამატება ბენეფიციართა რაოდენობის გაზრდის გამო გახდა საჭირო), მიზნობრივი სოციალური ჯგუფების დახმარებები (30 მლნ ლარი), მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები მოქალაქეების კანონით განსაზღვრული დანამატი (8 მლნ ლარი), საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმებულთა ხელფასები (17 მლნ ლარი) და ჯანდაცვის პროგრამები (120 მლნ ლარი), რომელთა შორის გათვალისწინებულია ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების მკურნალობის საზღვარგარეთ დაფინანსების ხარჯები.
კომიტეტის წევრებმა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას მხარი დაუჭირეს, ხოლო 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ექვსი თვის მიმოხილვა ცნობად მიიღეს.