ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები აბიტურიენტები სახელმწიფო უნივერსიტეტებში, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მხოლოდ 2 საგნის ჩაბარებით მოხვდებიან. როგორც “ფორტუნას” გადაცემა “ინსაიდერში” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა განაცხადა, უნივერსიტეტის ბაზაზე არსებობს სპეციალური პროგრამა, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ მოქალაქეებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელ დაჩქარებულ პროგრამას სთავაზობს, სწავლას უფინანსებს და სწავლის განმავლობაში ცხოვრების ხარჯებსაც ნაწილობრივ უზრუნველყოფს.
დამატებითი ინფორმაციისთვის “ფორტუნა” თსუ სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრის უფროსს, პროგრამის კოორდინატორს გიორგი გრიგოლაშვილსაც ესაუბრა. მისი თქმით, იდეას საფუძველი ჩაეყარა 2018 წელს შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტროში, 2019 წლიდან კი განხორციელებაში ჩაერთო განათლების სამინისტრო, შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრი და ორი უნივერსიტეტი ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის.
განათლების სამინისტრო მზადაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტების გამო საკანონმდებლო ინიციატივა დააყენოს - ირინა აბულაძე
სამინისტრო მაქსიმალურად დაიცავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტების ინტერესებს.
“აბიტურიენტებს ორ საგანში ჩაუტარდებათ გამოცდა მშობლიურ ენაში ყველას და მაპროფილებელში შესაბამისი პროფესიის მიხედვით. 70 აბიტურიენტიდან (68 გალის რაიონი, 2 ცხინვალის რაიონი ) 45 გეოგრაფიას აბარებს, 2 მათემატიკას, 13 ბიოლოგიას, 3 ქიმიას, 8 ისტორიას. პროგრამის განმავლობაში აბიუტურიენტების საჭიროებიდან გამომდინარე ცხოვრობენ თსუ-ის სტუდენტთა საერთო საცხოვრებელში, ასეთი 27 აბიტურიენტია. ყოველთვიურად იღებენ სახელმწიფო სტიპენდიას 150 ლარის ოდენობით. მოსამზადებელი პროგრამა მთავრდება 19 ივლისს, 23 ივლისს ჩაუტარდებათ გამოცდა,” – აღნიშნა გიორგი გრიგოლაშვილმა “ფორტუნასთან”.
მისივე ინფორმაციით, მხოლოდ ამ პროგრამაში მონაწილე აბიტურიენტები, რომლებიც ამ ორი გამოცდის წარმატებით ჩაბარებით მოხვდებიან სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში, მიღებული სახელმწიფო გრანტის ოდენობის მიუხედავად, სწავლა გრანტის ოდენობით სრულად დაუფინანსდებათ.