გასული კვირის განმავლობაში, ცხინვალში მცხოვრები, კოვიდ დადასტურებული პაციენტები უარს ამბობდნენ ვლადიკავკაზში მკურნალობაზე და ცდილობდნენ თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხვედრას, თუმცა უშედეგოდ. – ინფორმაციას ამის შესახებ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი აქვეყნებს და ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.
როგორც ორგანიზაციამ “ფორტუნას” აცნობა, კოვიდსიტუაცია ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში, ისევე, როგორც დანარჩენ საქართველოში, მკვეთრად გაუარესდა. განსაკუთრებით რთული ვითარებაა ცხინვალში, რაც რეგიონის სრული იზოლაციის შედეგია.
DRI-ს ცნობითვე, 2 აგვისტოს ოფიციალური მონაცემებით, ოკუპირებულ ცხინვალში 66 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 4,281-მდე გაიზარდა; გამოჯანმრთელდა 3,684 ადამიანი; უცნობია გარდაცვლილთა რაოდენობა.
“დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, ცხინვალში წარმოებული სტატისტიკა არასანდო, არასრული და ყალბია.
მძიმე პაციენტები ჩრდილოეთ ოსეთში, ვლადიკავკაზში გადაჰყავთ, სადაც გარდაცვლილთა რაოდენობა არც ერთ სტატისტიკურ მონაცემში ჯეროვნად არ აისახება. ცხინვალში მცხოვრებთათვის შეთავაზება, რომ პაციენტს ვლადიკავკაზში გადაიყვანენ სამკურნალოდ, ლეტალურ შედეგთან ასოცირდება, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს გასაჯაროებული სტატისტიკის არასანდოობას და არასწორ ჯანდაცვის პოლიტიკას.
მძიმე მდგომარეობაა ახალგორშიც, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა სამედიცინო მომსახურების მისაღებად თვეობით ელოდება თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას. ამ შემთხვევაში წარმატებით მუშაობს კორუფცია, სოციალურ-ეკონომიკურად შეჭირვებულ და გავლენიანი ნაცნობების არ მქონე პაციენტებს თვეობით უწევთ ლოდინი ე.წ. საზღვრის გადმოკვეთის ნებართვის მისაღებად.
აფხაზეთში და ცხინვალში მცხოვრები ადამიანებისთვის პრობლემაა თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე ვაქცინაცია. ინტერნეტზე წვდომის და ინფორმაციის დეფიციტის გამო, ადამიანები, სურვილის მიუხედავად, ვერ ახერხებენ აცრას. ადგილობრივებისთვის პრობლემას წარმოადგენს ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა კოვიდ ვირუსის, ვაქცინაციის და სხვა თემატური საკითხების შესახებაც.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, ცხინვალში ოფიციალურად გაჟღერებულია, რომ კოვიდზე ტესტირება უფასოა, თუმცა რეალურად, რეაქტივები მარაგში აღარაა. მოსახლეობა იძულებულია კერძო კლინიკებს მიმართოს, სადაც ანტისხეულებზე ტესტი 90 ლარამდე ღირს. კერძო კლინიკები ადგილობრივი მაღალჩინოსნების და ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების საკუთრებაშია. საკარანტინე ზონაში მოთავსებულ პაციენტებს პირბადეს და სადეზინფექციო საშუალებებს ოჯახის წევრები აწვდიან, რადგან კლინიკა თავდაცვის საშუალებებით არ უზრუნველყოფს. რეგიონში გადავსებულია საავადმყოფოები, ვითარება უკიდურესად მძიმეა. ადგილობრივების მოსაზრებით, სახეზეა პაციენტების მიმართ უყურადღებობა, ვირუსის შესახებ სრული ინფორმაციის და კოვიდ სტატისტიკის დამალვა.
სამხრეთ ოსეთში მხოლოდ რუსული ვაქცინაა ხელმისაწვდომი. თავდაპირველად აცრა მხოლოდ ცხინვალში იყო შესაძლებელი. ამ ეტაპზე აცრის შესაძლებლობა არსებობს ახალგორშიც, თუმცა ახალგორიდან არავინ აცრილა, მათ შორის, არც სამედიცინო პერსონალი. რუსული ვაქცინისადმი ნდობა ძალიან დაბალია, ნაწილი მწარმოებელ ქვეყანას არ ენდობა, ნაწილს კი საერთოდ არ სჯერა ვირუსის არსებობის. ცხინვალში დღევანდელი მონაცემებით 747 ადამიანია აცრილი, აქედან 415 ორივე დოზით. სიკვდილიანობის მაჩვენებელი არ საჯაროვდება, სტატისტიკის გასაუმჯობესებლად და ვირუსის „სამართავად“, როგორც წესი, მძიმე ავადმყოფები ჩრდილოეთ ოსეთში გადაჰყავთ.
გასული კვირის განმავლობაში, ცხინვალში მცხოვრები, კოვიდ დადასტურებული პაციენტები უარს ამბობდნენ ვლადიკავკაზში მკურნალობაზე და ცდილობდნენ თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხვედრას, თუმცა უშედეგოდ.
ამჟამად, ახალგორიდან პაციენტები გადმოჰყავთ, თუმცა ცხინვალიდან მხოლოდ ერთი პაციენტის გადმოყვანა მოხერხდა, რომელიც სავარაუდოდ გარდაიცვალა.
ვირუსის ლეტალურ შედეგებზე საუბარი, ინფორმაციის გავრცელება და სტატისტიკის წარმოება მკაცრად გასაიდუმლოებულია. აღნიშნული საკითხი ადგილობრივ მედიაშიც არ შუქდება; ისევე, როგორც არ საჯაროვდება ინფორმაცია ბავშვების კოვიდით ინფიცირების თაობაზე. სამხრეთ ოსეთში პოპულარულია ანტივაქსერული მოსაზრებები.
ოკუპირებულ აფხაზეთში 1 აგვისტოს მონაცემებით, ინფიცირებულია 22,083, გამოჯანმრთელებულია 17,806, ლეტალურად დასრულდა 307 შემთხვევა.
ბოლო კვირის განმავლობაში გალის რაიონში მოიმატა მძიმე შემთხვევებმა, ტესტი აუღეს 300 ადამიანს, აქედან ვირუსი 80-ს დაუდასტურდა, მძიმე იყო 35 შემთხვევა. ყველა პაციენტი გადაყვანილია რუხის საავადმყოფოში. აფხაზეთში ტურისტულ სეზონთან ერთად სოხუმში, გაგრაში და ბიჭვინთაში მკვეთრად მოიმატა ვირუსის შემთხვევებმა, რაც პირდაპირ უკავშირდება რუსეთიდან საზღვრის კვეთისას რეგულაციების და კონტროლის არ არსებობას.
ივლისის დასაწყისში თბილისთან ე.წ. საზღვრის გახსნის შემდეგ, რუხში მალევე მოეწყო ვაქცინაციის ცენტრი და გალის მოსახლეობამ დაიწყო აქტიური რეგისტრაცია ვაქცინაზე, ნაწილობრივ სინოფარმზე და განსაკუთრებით ფაიზერზე. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, ადგილობრივები იმედოვნებენ, რომ რუხში ფაიზერის ვაქცინაზე ხელმისაწვდომობის შემთხვევაში, მოსახლეობის უმრავლესობა აიცრება.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს:
- პრიორიტეტად დასახოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ვაქცინაცია. ე.წ. საზღვართან გაიხსნას ვაქცინაციის სივრცეები, სადაც აცრა წინასწარი რეგისტრაციის გარეშე იქნება შესაძლებელი;
- უზრუნველყოს ცხინვალში და აფხაზეთში მცხოვრები ადამიანებისთვის სამედიცინო მომსახურების/მედიკამენტების დროულად მიწოდება. შესაბამისად, აუცილებელია სახელმწიფომ დაიწყოს მუშაობა, როგორც ამ საკითხების მოსაგვარებლად, ასევე გალიდან და ახალგორიდან გადმოსული პაციენტებისთვის სერვისების გასამარტივებლად;
- ხელი შეუწყოს ადგილზე არსებული საავადმყოფოების მედიკამენტებით და სხვა სამედიცინო აღჭურვილობით მომარაგებას. გადასცეს ოკუპირებულ ცხინვალს და აფხაზეთს კოვიდ ტესტები და კოვიდ ვაქცინა. ვირუსის მართვის და მკურნალობის გამოცდილების გაზიარების მიზნით, შეიქმნას საკომუნიკაციო ხაზები ცხინვალის რეგიონის სამედიცინო პერსონალთან გამოიყენოს ყველა მექანიზმი, რათა მიაღწიოს უკანასკნელ წლებში დაკეტილი საკონტროლო-გამშვები პუნქტების გახსნას.” – აღნიშნულია DRI-ს ინფორმაციაში.