ოკუპირებულ გალში საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი ქართველების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოასვენეს. ცხედარი ქართულ მხარეს ენგურის ხიდზე გადასცეს. ცხედრის გადმოცემის პროცესს ესწრებოდნენ როგორც საქართველოს ხელისუფლების, ასევე ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენლები.
გადმოსვენების პროცესში ჩართული იყო წითელი ჯვარი. შესაბამისი პროცედურის შემდეგ ცხედარს ქუთაისის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ.
ცოტა ხნის წინ აფხაზეთის დეფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ განაცხადა, რომ ირაკლი კვარაცხელიამ დაკითხვის ოთახში თავი მოიკლა.
12 მარტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციით, ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებულ გალის რაიონში ადგილობრივმა მკვიდრმა, საქართველოს მოქალაქემ, ირაკლი კვარაცხელიამ თავი მოიკლა. კვარაცხელია მანამდე დეფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვრის კვეთისთვის დააკავა.