ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთში მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესი რუსული “სპუტნიკით” დაიწყო.
ოკუპირებულ ცხინვალში მოსახლეობას რუსული ვაქცინით აცრიან
საინფორმაციო სააგენტო “რეს”-ის ცნობით, პირველი ადამიანი, რომელიც აღნიშნული ვაქცინით აიცრა, ჟურნალისტი კოსტა კოშტეა.
მედიასაშუალებების ინფორმაციით, ვაქცინაციამდე ერთი დღით ადრე, მოქალაქეებს გარკვეული კლინიკური კვლევები უტარდებათ და მიღებული შედეგების მიხედვით, ექიმები წყვეტენ – შეიძლება თუ არა ამა თუ იმ პირის აცრა.
“რა თქმა უნდა, ვაქცინაციას უკუჩვენებები აქვს, პირველ რიგში გასათვალისწინებელია პაციენტი, რომელსაც მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების და გრიპის სიმპტომები აქვს, ასევე თუ არის ალერგიული პრეპარატის კომპონენტების მიმართ.” – განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს მთავარმა თერაპევტმა თამარა სანაკოევამ.
იმუნიზაციის პროცესში თავდაპირველად ჯანდაცვისა და განათლების სფეროს წარმომადგენლები ჩაერთვებიან. ცხინვალის გარდა, ვაქცინაცია ჩატარდება რეგიონალურ საავადმყოფოებშიც.
რუსული ვაქცინის “სპუტნიკის” პირველი პარტია ცხინვალში 30 აპრილს ჩაიტანეს.