ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა პირველი მოსმენით კანონპროექტი მიიღო, რომელიც ნარკოტიკების გასაღებისთვის სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს. დე ფაქტო პარლამენტის პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი, კერძოდ, ითვალისწინებს სასჯელის სახით სამუდამო პატიმრობას ან სიკვდილით დასჯას.
დე ფაქტო დეპუტატმა დიმიტრი დბარმა აღნიშნა, რომ აქამდე ანალოგიური დანაშაულისთვის სასჯელის სახით გათვალისწინებული იყო 15-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
„ეს სანქცია პირთა ჯგუფზე გავრცელდება, რომლებსაც დიდი ოდენობით ნარკოტიკები გადააქვთ. ეს სანქცია არ გავრცელდება ჩვეულებრივ მოქალაქეებზე, რომლებიც ნარკოტიკებს მოიხმარენ,“ – აღნიშნა დე ფაქტო დეპუტატმა.
კანონპროექტით ასევეა გათვალისწინებული 600 ათასი რუბლის ოდენობის ჯარიმა სატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული თრობის მდგომარეობაში მართვისთვის.