LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოკუპანტები სავარაუდოდ უახლოეს დღეებში გააგრძელებენ მუშაობას“ – დავით ქაცარავა

166
1659627195_davit-katsarava

„ოკუპანტებმა შემოღობეს დაახლოებით 200 მეტრის ტერიტორია. ეს პროცესი მათ განაახლეს ღამის საათებში, მაშინ როდესაც მათი დანახვა და აღმოჩენა პრობლემებთან იყო დაკავშირებული“ – განაცხადა რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრმა, დავით ქაცარავამ.

„ძალა ერთობაშიას“ ლიდერი გადაცემაში „დღის თემა“ ამბობს, რომ პროცესი არ არის ბოლომდე მიყვანილი და ოკუპანტები სავარაუდოდ უახლოეს დღეებში გააგრძელებენ მუშაობას და შემდგომში უკვე სხვა მონაკვეთიც იქნება შემოღობილი.

„ჩვენთვის ეს წარმოადგენს აგრესიულ ქმედებას, მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევაში ბორდერიზაციის პროცესი მიმდინარეობს ოკუპაციის ხაზზე. ვერ ვიტყვით, რომ ოკუპანტებმა გადმოკვეთეს ოკუპაციის ხაზი და გადმოკვეთეს ჩვენს მიერ კონტროლირებადი ტერიტორია, მაგრამ ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ეს აგრესიის აქტი ხორციელდება ჩვენს ტერიტორიაზე“ – განაცხადა დავით ქაცარავამ გადაცემაში „დღის თემა“.

შეგახსენებთ, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2022 წელს დაწყებული უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს, რომლის ფარგლებშიც ლითონის ბოძები და მავთულხლართები უკანონოდ დაამონტაჟეს.

ინფორმაცია ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა.

უწყების ცნობით, ინციდენტთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმაცია ეცნობა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები