LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოხანაშვილი: „თუ დეპუტატობის კანდიდატებისთვის ნარკოშემოწმების გავლის ვალდებულების გაუქმება ჩვენს იდეად უნდა დაკონვერტირდეს, მზად ვარ, საკითხი პროექტიდან ამოვიღო – პრობლემას ვერ ვხედავ, მოქალაქეებმა იცოდნენ, ვინ არის ნარკომომხმარებელი და ვინ – არა!“

126
ანრი ოხანაშვილი

„დეპუტატობის კანდიდატებისთვის ნარკოლოგიური შემოწმების გავლის ვალდებულების გაუქმება თუ ისე უნდა დაკონვერტირდეს, თითქოს ეს „ქართული ოცნების“ იდეაა, მზად ვარ, საკითხი პროექტიდან საერთოდ ამოვიღო – ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ, ჩვენმა მოქალაქეებმა იცოდნენ, თუ ვინ არის ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი და ვინ – არა!“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ნარკოლოგიური შემოწმების გავლის ვალდებულება, ერთის მხრივ, გამოძახილია ნარკოლოგიური შემოწმების ვალდებულების სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის გაუქმების ინიციატივისა, მეორე მხრივ კი, ამაზე თავად პარტიები საუბრობდნენ

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ დასამალი არაფერი აქვს და „საქართველოში ყველამ ზეპირად იცის, ვინ რა ზემოქმედების ქვეშ დადის თუ ზემოქმედების გარეშე“.

წინასწარი ნარკოლოგიური შემოწმების გავლის ვალდებულება არც პარლამენტის წევრობის კანდიდატებს ექნებათ

„საკითხი სხვადასხვა დროს ოპოზიციონერ კოლეგებთან ერთად განხილვის საგანი არაერთხელ იყო – ერთი, რომ ნარკოტესტის გავლის წესი ყოველგვარ ცივილურ ფორმას სცილდება.

მეორეც, შედეგობრივი თვალსაზრისით ხდება ის, რომ თუ დადგინდა, რომ პირი ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იყო, შედეგი არის ნული – არაფერი არ ხდება და დეპუტატობის კანდიდატად მაინც დარეგისტრირდება.

ერთადერთი არის ის, რომ ინფორმაცია მისი ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ ყოფნის თაობაზე მოქალაქეს ექნება და საქართველოს მოქალაქის უფლებაა, თავად გადაწყვიტოს, როგორი პარლამენტის წევრის ხილვა სურს საქართველოს პარლამენტში“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

რაც შეეხება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის ნარკოლოგიური შემოწმების გავლის ვალდებულებას, ოხანაშვილმა ყურადღება ვენეციის კომისიის რეკომენდაციაზე გაამახვილა:

„დღეს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს შეუძლია უმაღლესი თანამდებობის პირებს ნარკოლოგიური შემოწმების ვალდებულება დაუდგინოს. თუ არ ვცდები, მას ეს უფლებამოსილება არასდროს გამოუყენებია.

ამასთან დაკავშირებით ვენეციის კომისია ამბობს, რომ ნათლად გაიწეროს, თუ არ არის ამის ლეგიტიმური მიზანი ან საერთოდ გაუქმდეს.

იმისათვის, რომ დამატებითი სპეკულაციებისთვის სივრცეები არ გაჩნდეს, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ, რომ ეს გაუქმდეს.

მეორეც, რამდენად კონსტიტუციურია და რა შედეგებს გამოიწვევს, პირმა ნარკოტესტი რომ გაიაროს, ეს საკითხი ღიაა – პარლამენტის წევრის შემთხვევაში ვერაფერს გამოიწვევს“. – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები