„ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატი, პოლიტიკოსი ანრი ოხანაშვილი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის დღევანდელ განცხადებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს მნიშვნელოვანი საკითხია და გარკვევა სჭირდება:
„როდესაც ასეთ საკითხზე საუბრობს მოსამართლე, რომელიც უზრუნველყოფილია მთელი რიგი კონსტიტუციური გარანტიებით და სვამს კონკრეტულ კითხვის ნიშანს ამ საკითხთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ეს სერიოზული საკითხია.
ამიტომ გასარკვევია, ვინმეს მხრიდან თვითნებობას ხომ არ ჰქონდა ადგილი და ქალბატონმა ელჩმა ამაზე ისაუბრა, რომ ეს საკითხი მას არ ეხება. ამიტომ ზოგადად, ეს საკითხი გასარკვევია. შეიძლება, ჩვენც უბრალოდ არასაჯაროდ ამ საკითხებზე მოვისმინოთ კონკრეტული მოსაზრებები.
ასე რომ, საკითხს, რა თქმა უნდა, დასჭირდება მეტი განმარტება და გარკვევა, კონკრეტული ცალკეული პირების მხრიდან საელჩოს მიღმა შემთხვევით ადგილი ხომ არ ჰქონდა რაიმე ტიპის თვითნებობას. ეს უნდა გაირკვეს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ცნობისთვის, „მთავარი არხის“ დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ შეხვედრა ჰქონდა აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელთან, რომელმაც უთხრა, რომ ელჩს აინტერესებდა, რატომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი და გამოიყენა სასჯელად თავისუფლების აღკვეთა.
როგორც მოსამართლე აცხადებს, მას აშშ-ს საელჩოს თანამშრომელმა უთხრა, რომ აშშ-ში გასამგზავრებელ მოსამართლეთა სიიდან ამოიღეს.