“პანდემიის ფონზე განვითარებულმა კრიზისმა კიდევ უფრო გაამძაფრა სოციალური გამოწვევები და საზოგადოებაში არსებული უთანასწორობა გააღრმავა.” – სწორედ ამ ვითარების გათვალისწინებით, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია დევნილთა დასახლებებში საინფორმაციო კამპანიას იწყებენ.
კამპანია მოსახლეობის ყველაზე დაუცველი ჯგუფების უფლებების დაცვასა და სამოქალაქო განათლებას ემსახურება.
კამპანიის მსვლელობაში კი განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება ოჯახში ძალადობის აღმოფხვრას და ეკონომიკური და სოციალური უფლებების განხორციელების უზრუნველყოფას.
როგორც გაეროს განვითარების პროგრამაში აღნიშნავენ, კამპანია ექვსთვიანია, მორგებულია იძულებით გადაადგილებულ პირთა ინტერესებზე და მოიცავს დევნილთა 10 კოლექტიურ ცენტრს, რომლებიც განლაგებულია საქართველოს სამ რეგიონში – იმერეთში, სამეგრელოსა და შიდა ქართლში.
კამპანიის პირველი საინფორმაციო შეხვედრები, რომელთაც 200-ზე მეტი დევნილი ქალი და ახალგაზრდა დაესწრო, გორში, ზუგდიდსა და წყალტუბოში გაიმართა.
ოჯახში და გენდერული ნიშნით ჩადენილ ძალადობაზე UNDP-ის მოქმედმა ხელმძღვანელმა, ანნა ჩერნიშოვამ ისაუბრა და პროგრამის მნიშვნელობაც განმარტა:
“ოჯახში ძალადობა და გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობა ჩრდილოვანი პანდემიაა, რომლის მსხვერპლები ყველაზე მოწყვლადი და დაუცველი ადამიანები არიან. ეს განსაკუთრებით ეხება ჩაკეტილ თემებში, მაგალითად, დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრებ ქალებს, რომელთაც, როგორც წესი, ძალადობის საფრთხე ემუქრებათ.
მდგომარეობა უარესდება ინფორმაციასა და რესურსებზე დაბალი წვდომის გამო, რის შედეგად ადამიანებმა უბრალოდ არ იციან, თუ როგორ დაიცვან თავისი უფლებები, ვის მიმართონ ან რა სერვისები თუ დახმარება გამოიყენონ. UNDP-ის მიზანია დევნილებისა და სხვა მოწყვლადი სოციალური ჯგუფების ინფორმირება არსებული სერვისების შესახებ, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და კონკრეტული ნაბიჯების ხელშეწყობა ძალადობისგან თავისუფალი საზოგადოების მშენებლობის გზაზე.” – თქვა ანნა ჩერნიშოვამ.
მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებების სამდივნოს ხელმძღვანელმა მაკა ფერაძემ აღნიშნა, რომ მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა და დაცვა საქართველოს მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია:
“პანდემიამ კიდევ უფრო გაამძაფრა სოციალური გამოწვევები, მათ შორის ოჯახში ძალადობის საფრთხე. ამ მხრივ, მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა და დაცვა საქართველოს მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია. არსებული სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისთვის გათვალისწინებულია თავშესაფარი, რეაბილიტაცია, დახმარება და სხვა სერვისები. უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ეს ინფორმაცია ფართოდ გავრცელდეს, განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებში.” – თქვა ფერაძემ.
პროგრამის ინიციატორები აღნიშნავენ, რომ გაეროს 2020 წლის კვლევის თანახმად
➤ საქართველოში ქალების თითქმის ნახევარმა არ იცის ოჯახში ძალადობის საპასუხოდ არსებული სერვისების შესახებ;
➤ სამი ქალიდან მხოლოდ ერთს აქვს ინფორმაცია კრიზისული ცენტრებისა და თავშესაფრების თაობაზე;
➤ ცნობიერება განსაკუთრებით დაბალია მოწყვლად თემებში, მათ შორის დევნილთა დასახლებებში.
დევნილთა უფლებების დაცვა და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) უფრო ფართო ხელშეწყობის ნაწილია, რომელიც პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევასა და გენდერული თანასწორობის მიღწევას ემსახურება.