რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია მომღერალი თიკა ჯამბურია, რომელმაც თვითიზოლაციის პერიოდი გაიხსენა და საზოგადოებას შემოქმედებითი გეგმებიც გაუზიარა.
როგორ ჩაიარა შენთვის პანდემიის პერიოდმა?
ძალიან მოწყენილად, ჩემ ირგვლივ ყველაფერი გაჩერდა, თავიდან ძალიან შეშინებული ვიყავი, ვუფრთხილდებოდი ჩემs თავსაც და სხვებსაც, შემდეგ უკვე სახლში ჯდომა აღარ შემეძლო და ფეხით სიარული დავიწყე, დღეში 15-20 კილომეტრს გავდივარ ხოლმე, ეს უკვე ჩემი ცხოვრების წესად იქცა. ეს ყველაფერი ძალიან დამეხმარა წონის კლებაში, აღარ მაქვს ნევროზი, აღარაფერზე ვნერვიულობ, სულ კარგ ხასიათზე ვარ, მივაგენი ჩემი ცხოვრების ახალ სტილს, რომელიც მაბედნიერებს.
რაღაც სიახლეებიც არის. ახლა კლიპს ვიღებ სიმღერაზე „თბილისი“, ახლებური ვერსია მაქვს, როცა მზად მექნება, „ფორტუნა პლუსის“ ეთერში დავაპრემიერებ აუცილებლად. გადავწყვიტე ახალი პროექტის გაკეთება, ეს ჩემი ძველი სიმღერების ახლებური ვერსიებია. „ჯეირანიც“ მაქვს გეგმაში, ძალიან საინტერესო ინტერპრეტაციით. შემდეგ დიდი კონცერტის გაკეთება მინდა. რა თქმა უნდა, იქნება ახალი სიმღერებიც, ჩემი ბენდიც მეყოლება. თვითიზოლაციის პერიოდში რაღაცების კეთება დავიწყე, ჩემს ძაღლს შევუკერე ლოგინი. სანთლებსაც ვაკეთებდი.
როგორც ვიცი, მომღერლობასთან ერთად ბევრ საქმიანობას ეწეოდი, რომელი იყო შენი ბოლო საქმე?
ბოლოს „გესთჰაუსი“ მქონდა, ის ძალიან დიდი შრომის ფასად გავხსენი და პანდემიამ საშინელი საქმე გამიკეთა. ყველაფერი დამიხურა და ჩამიკეტა. ვემსახურებოდი ტურისტებს, ძალიან ვერთობოდი. იმედი მაქვს, მალე გაგრძელდება ყველაფერი. ძალიან მომწონს ჩემი თავი, როცა საქმიანი ვარ, ყველაფერს დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები.
თუ გამოჩნდა ვინმე შენს ცხოვრებაში ამ პერიოდში?
ამ პერიოდში გადავწყვიტე, დრო მხოლოდ საკუთარი თავისთვის დამეთმო. ვერ ვიტან სიტყვას „მარტოხელა დედა“, როგორ ვარ მარტოხელა დედა, როცა ამდენი ადამიანი გვახვევია თავს მე და ჩემს შვილს. ჯერჯერობით არ ვფიქრობ, რომ ვინმე მჭირდება, ალბათ, ყველაფერს თავისი დრო აქვს, გამოჩნდება, სად წავა. დადგება დრო და ოჯახსაც შევქმნი და შვილსაც გავაჩენ. არ აქვს მნიშვნელობა, იქნება თუ არა ოფიციალურად ქმარი.
შენ ცნობილი ადამიანი ხარ და ამასთან ერთად, სოციალურად საკმაოდ აქტიური, შენი პოსტები მუდამ განკითხვის და განსჯის საგანი ხდება ხოლმე…
კი, ასეა და ვერ გამიგია – რატომ, ყველას აქვს უფლება, საკუთარი აზრი გამოთქვას. რატომ შესტკივა ამ ხალხს ჩემზე ასე გული, ვერ ვიგებ, უმარტივეს რაღაცებს ისე აბუქებენ ხოლმე, ეს ძალიან მაბრაზებს. იმ დღეს ჩემს ვიდეოზე ჩამოვუარე კომენტარებს, იმდენი ლანძღვა წავიკითხე, იმდენი… ჩემს სიმსუქნეზე წერენ, რამ სისქე ხარო. ფიქრობენ, რომ ჩემს წონაზე ყურადღების გამახვილება იარაზე ფეხის დაჭერაა, არადა, ჩემი თავი ისეთი მომწონს, როგორიც ვარ. ძალიან დაბალი დონეა ამ ეპოქაში წონაზე ყურადღების გამახვილება. ზოგიერთ კომენტარზე მეცინება ხოლმე კიდეც.
ერთ ამბავს მოგიყვებით, ერთმა ქალმა საოცრებები დაწერა ჩემზე, სასწაული ლანძღვა იყო, შევედი ამ ქალის პროფილზე, ვიპოვე მისი შვილი და დავუსქრინე, ნახე დედაშენმა ჩემზე რეები დაწერა-მეთქი, ისიც ვუთხარი, რომ დედაჩემს ასეთი რაღაცები სხვაზე რომ დაეწერა, პასუხს აუცილებლად მოვთხოვდი-მეთქი, ის ძალიან შეწუხდა და ბოდიში მომიხადა, იმდენად კარგი გოგო აღმოჩნდა, მას ძალიან რცხვენოდა დედამისის მაგივრად. ამას, ჩვენი თაობა დარწმუნებული ვარ, რომ არ გააკეთებს, ამიტომ შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ მართლაც საუკეთესო თაობა ვართ. ჩემი აზრით, შვილებმა უნდა აკონტროლონ ეს ყველაფერი. ძალიან ბევრი „ფეიკ“-სიახლეებია ხოლმე ჩემ შესახებ. მამაჩემი ძალიან განიცდის ამ ყველაფერს, დედაჩემი კი სოციალური ქსელის მომხმარებელი არ არის. ერთხელ ვიღაც უცხოელის შიშველ ფოტოზე ეწერა. თიკა ჯამბურიააო, მგონი. ვიღაც ჟურნალისტს ამოჩემებული ვყავდი.
ძალიან ხშირად ეხვევი ხოლმე სკანდალში. რატომ? და ასევე მაინტერესებს. უმალავ თუ არა რაღაცებს შენს შვილს?
ეს იმიტომ ხდება, რომ ვარ პირდაპირი ადამიანი, უსამართლობას ვერ ვიტან, ვარ ისეთი, როგორიც ვარ ყველგან და ყოველთვის. ჩემი შვილი ჩემი ყველაზე კარგი მეგობარია. რაც იზრდება, უფრო და უფრო ვმეგობრობთ. მას ძალიან მოსწონს როგორიც ვარ და მომწონს, როცა მბაძავს. ძალიან კარგად მღერის, აქვს ძალიან კარგი მუსიკალური გემოვნება, თუმცა არ არის მიდრეკილი, იყოს პოპულარული და მეც შევუწყობ ხელს, რომ არ იყოს.
სხვათა შორის ბოლო პერიოდი მე და ჩემი ყოფილი მეუღლე, ბექა ძალიან დავახლოვდით. უკვე 10 წელი გავიდა, გვყავს ფანტასტიკური შვილი, ჩვენ დიდი ოჯახი ვართ. აი, ახლაც იქაა ნინა, ბებიასთანაა, მეც ძალიან მიყვარს მასთან ურთიერთობა. ყოფილ ქმართან პირად ცხოვრებაზეც ვსაუბრობთ ხოლმე, ერთმანეთს რჩევებს ვაძლევთ, ბექას მეორე ცოლზე ვგიჟდები, ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს.
თუ მიმართავ პლასტიკურ ქირუგრიას?
ძალიან დიდი სიამოვნებით გავიკეთებ რაღაცებს, როცა დამჭირდება, სულაც არ ვფიქრობ რომ ეს „ტეხავს“. მხოლოდ ერთი ოპერაცია მაქვს გაკეთებული. ვფიქრობ, რომ უკიდურესობაში არ უნდა გადავარდე და ადამიანს უნდა ჰგავდე.